საბერძნეთის სასამართლომ კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში, სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საბერძნეთიდან ინფორმაცია მიაწოდეს, რომ „ნაციონალებმა“ თავიანთი დესანტი არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს გადასხეს, არამედ მანამდეც ხშირად ჩადიოდნენ ამ ქვეყანაში და ეძებდნენ კორუფციულ ხვრელებს.
„ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ აკო მინაშვილი, ასევე როლანდ ახალაია, ეს უკანასკნელი კიდევ შეიძლებოდა, მამაა. იქ ასევე ჩასულები იყვნენ სხვებიც, რომლებიც ეკრანზე არ გამოჩენილან. ვიმეორებ, „ნაციონალები“ საბერძნეთშიც კორუფციული სქემებით მოქმედებენ და როგორც ვხედავთ, გაიტანეს თავიანთი“, -აცხადებს ბრეგაძე.
რაც შეეხება იმას, შეიძლებოდა თუ არა, რომ „ნაციონალებს“ საბერძნეთის სასამართლოც შეიძლება მოესყიდათ, ბრეგაძე აცხადებს, რომ ვერავის პატიოსნებაზე ვერ დადებს თავს.
„თუკი ადამიანი მოინდომებს, ყველგან ყველაფერია შესაძლებელი, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს. „ნაციონალებს“ თავიანთი მსგავსები ყველგან ჰყავთ. ეგენი ყველგან იმდენ ფულს ყრიან, ჩვენ რომ ვერც წარმოვიდგენთ. საბერძნეთში გაათავისუფლეს სანდრო გირგვლიანის მკვლელი, აღარაფერს ვამბობ სხვა სახის დანაშაულებზე. სხვათა შორის, საბერძნეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას, სადაც პირდაპირ წერია დათა ახალაიას გვარი და ცნობილია დამნაშავედ. როდესაც ასეთ სისხლისმსმელს ათავისუფლებ და კომენტარსაც ურთავ, რომ მას დევნიან პოლიტიკურად, ესეც დიდი დანაშაულია. კარგად ვიცით, რომ ახალაიებმა კარგად იხეირეს და ასეულობით მილიონი დოლარი გაიტანეს საქართველოდან. ეს ფული მუშაობს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში, დაქირავებული ჰყავთ ძალიან სერიოზული ლობისტები და ადვოკატები, რათა თავი გადაირჩინონ“, -აცხადებს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ის იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა, გადახდის შემდეგ კი გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.
წყარო: "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






