2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, მოსახლეობის 77%-მა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
რას ნიშნავს ნატოს წევრობა?
1949 წელს, ვაშინგტონში მიღებული მთავარი დოკუმენტის შესაბამისად ნატოს წევრობა ნიშნავს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის დაცვის საქმეში. ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოები თავიანთ ქვეყნებში მმართველობას ახორციელებენ დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.
ამ ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოსა და ნატოს მიმდინარე თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაწევრიანებას ევროატლანტიკურ ოჯახში, ეფუძნება ხუთ ძირითად სფეროს, სადაც ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული რეფორმები, მოკავშირეთა მხრიდან შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ესენია:
1. პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები
2. თავდაცვა და სამხედრო რეფორმები
3. გარემოს დაცვა
4. უსაფრთხოება
5. კანონის უზენაესობა
საქართველო, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო, მრავალგზის იქნა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობისა და გავლენიანი ორგანიზაციების მიერ, როგორც სწრაფად განვითარებადი ქვეყანა და წარმატებული რეფორმების ნიმუში.
თუმცა საგანგაშოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური ძალების მკვეთრი გააქტიურება შეინიშნება, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ხელისუფლების მიერ გასატარებელ რეფორმებსა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე -
- მსჯელობის საგნად იქცა ოკუპანტი სახელმწიფოს იდეა ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე, რომელსაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები ქართულ საზოგადოებაში;
- საგრძნობლად შესუსტდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ხელისუფლების ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე და იგი ჩაანაცვლა გაუგებარმა და იდუმალებით მოცულმა შეხვედრებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა შეუთანხმებელმა და გაუაზრებელმა განცხადებებმა;
- მთავრობის არასწორი ინიციატივების შედეგად შემცირდა უცხოური ინვესტიციები, გაიზარდა უმუშევრობა და საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეფერხდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება;
- მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენური ვითარება;
- მთავრობის მიერ უარი ითქვა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ რეფორმებზე;
- აქტუალურია სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და სამართლის შერჩევითი გამოყენების შემთხვევები.
ბუნებრივია ასეთი რეალობა არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მარშრუტს ევროატლანტიკური ოჯახისაკენ და სულ უფრო იზრდება საფრთხე საქართველოს იზოლაციისა ცივილიზებული დასავლეთისაგან, რაც უპერსპეკტივო ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიიღო უპრეცენდენტოდ მკაცრი და კატეგორიული გაფრთხილებები ჩვენი პარტნიორების - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან რეფორმების აუცილებლობისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტების აღმოფხვრის თაობაზე.
თითოეული ასეთი გზავნილი საქართველოს მიმართ, რომელიც შესაძლებელია მომავალში კიდევ უფრო მკაცრი, კატეგორიული და მოცულობითი იყოს, შეამცირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შანსს და შესაბამისად პერსპეკტივას დაუკარგავს საქართველოს მოსახლეობის ნების განხორციელებას.
აუცილებელია დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მქონე ძალთა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედება ევროატლანტიკური არჩევანის დაცვის მიზნით.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






