15 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს. პოლიტიკური სუბიექტები ინტერპარტიული ჯგუფის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაზე შეთახმდნენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს.
„ქვეყანაში საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო არ არის კონკურენტული. ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოპოზიციაში ყოფნის დროს პარტიების დამოკიდებულება რეფორმატორულია, მოდიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი ავიწყდებათ და ძალიან კარგად იგებენ იმ ხარვეზებით სავსე კოდექსს, რომელიც შემდგომში მათ ხელისუფლებაში ყოფნას უადვილებს. ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრმა დავიწყეთ პროცესი, რომლის შედეგად, ხელისუფლების წინაშე წარვადგენთ ერთიან პოზიციას თუ როგორ მიგვაჩნია რეალურად რეფორმის გატარება საარჩევნო კანონმდებლობაში“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
„ქართული დასის“ თავმჯდომარე, ჯონდი ბაღათურია კი აცხადებს, რომ ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას პრინციპულად მოითხოვს:
„მიგვაჩნია, რომ ეს პარაზიტებად გადაქცეული, ივანიშვილს თუ დავესესხებით, წვრილ-წვრილ ფეოდალებად გადაქცეული მაჟორიტარული ინსტიტუტი საჭიროა გაუქმდეს და უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ დღეს გვაქვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შემდგარი საარჩევნო სიები, რომელსაც მკვდარი სულები სააკაშვილის დროს დაემატა, მერე კიდევ დაემატა მკვდარი სულები „ქართული ოცნების“ დროს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ საარჩევნო კოდექსის შეცვლას“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მასალის გამოყენების პირობები






