რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმებაზე აზრთა სხვადასხვაობაა
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით მხარეების ხედვა განსხვავებულია, კონკრეტულად იმ ნაწილთან მიმართებაში, სადაც ერთობლივი ჯარების შექმნაზეა საუბარი.
აფხაზური მხარე არ აპირებს მასში შეიარაღებული ძალების სრულად ჩართვას და მხოლოდ ცალკეული ქვედანაყოფების მომზადებაზეა თანახმა. ხაჯიმბა არც იმ ნაწილს ეთანხმება, სადაც საუბარია რუსული და აფხაზური სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობაზე და მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონის დაცვა ადგილობრივი სამართალდამცველების კომპეტენციაა.მისი თქმით, საკოორდინაციო ცენტრის ფუნქცია უნდა იყოს მეთოდოლოგიური თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე აცხადებს, რომ ახალი შეთანხმება აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და აფხაზეთის კონსტიტუციას.
ხაჯიმბას დავალებით შეიქმნა ხელშეკრულებაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დოკუმენტის ახალი რედაქციით დამუშავება დაევალა.
მასალის გამოყენების პირობები






