„მე ვიქნებოდი ალბათ ყველაზე წარუმატებელი მინისტრი, რომ დღეს რუსეთი კმაყოფილი იყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს მოწინააღმდეგეა, მათ ინტერესებში არ შედის - „რომ საქართველო ესე დაუახლოვდა ნატო-ს“.
„საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იქნება გაზრდილი, პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის, რომ ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს დაეხმაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში. რაც შეეხება იმ რიტორიკას, რომელიც რუსეთისგან გვესმის ეს მოსალოდნელი იყო. ამგვარი რიტორიკა გვესმოდა, როდესაც ბალტიის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების საკითხი იდგა ნატოში და ჩვენ ბუნებრივია, ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთადერთი ძალიან გამიზნული, კონკრეტული ნაბიჯები ხორცშესასხმელად ამ პაკეტის. ეს არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი, ეს არის არჩევანი რომელიც ჩვენ ყველამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. აქედან გამომდინარე ჩემთვის ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის რუსეთის ფედერაცია, ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს ძლიერი და ძლიერი საქართველო კი იქნება ძლიერი პარტნიორული რეგიონული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სატაბილურობა განმტკიცდეს და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






