დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც 13 საკითხი განიხილეს. სხდომის დაწყების წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ, ნუგზარ სურმანიძისაგან, სტიქიის შედეგების შემსწავლელი საგანგებო კომისიის სხდომის დეტალებით დაინტერესდა.
სხდომა გუშინ 3 საათს გაგრძელდა. კომისიის წევრები თითოეულ პრობლემას დაწვრილებით განიხილავდნენ. როგორც ნუგზარ სურმანიძემ განაცხადა, ზარალის ოდენობა საერთო ჯამში 3 000 000 ლარამდეა.
დღევანდელ სხდომაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა უწყების მიერ ცხრა თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის შესახებ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ სხდომის წევრებს გააცნო რიგი ღონისძიებები, რომელიც გატარდა საინვესტიციო საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ ისაუბრა სექტემბერში რეგიონში მოსული უხვი ნალექების შედეგად დამეწყრილი სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების გაწმენდის შესახებ. წარდგენილ იქნა ანგარიში 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით აჭარაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდში გაყვანილი და რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების, გამოყოფილი ტყეკაფების, მათი ათვისებისა და პრობლემური უბნების შესახებ.
აჭარის მთავრობის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გაბაიძემ მთავრობას წარუდგინა დადგენილების პროექტი, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






