საქართველოს სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება თანამდეროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისათვის საჭირო ცოდნა. ეს ცოდნა მხოლოდ დასავლეთის დახმარებით შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, დასვლეთი გვთავაზობს ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო განათლებას, ბაზარს, უსაფრთხოებას და ა. შ.
დასავლეთის სიდიდემ და შესაძლებლობებმა არ უნდა შეგვაშინოს. საქართველო ყოველთვის ახერხებდა დიდ ცივილიზაციებთან ადაპტაციას ისე, რომ საკუთარი უნიკალურობა შეენარჩუნებინა და განევითარებინა. ასე რომ, თუ საქართველოსი გვჯერა, ჩვენ უნდა გავიხსნათ ახალი ცოდნისა და ღირებულებებისთვის. ამით მხოლოდ გავძლიერდებით.
ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს და ძირითადად ორი მიმართულება არსებობს. საქართველო შედის რაიმე სახის სამხედრო ალიანსში ან თავისივე ძალებით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ჩვენი ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად სამხედრო მოკავშირეების ძიება მიგვაჩნია.
ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომლის წევრობაც თანმედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე დიდ გარანტიას იძლევა. ამდენად საქართველოს რომ ნატოს წევრობა უნდა, ამაში გასაკვირი არაფერია. თუ ნატოს ალტერნატივაზე ვიფიქრებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ალტერნატივა უსაფრთხოების იგივე დონესა და ხარისხს უნდა იძლეოდეს.
ჩვენ სამი დიდი და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გვესაზღვრება - თურქეთი, ირანი და რუსეთი. თურქეთი ნატოს წევრია და მასთან ალიანსი იგივეა, რაც ნატოში გაწევრიანება. ირანის სამხედრო მოკავშირეობა დასავლეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც არ შედის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში. დარჩა რუსეთი, რომელთანაც სამხედრო კონფლიქტი გვაქვს და რომელიც ჯერჯერობით არ აპირებს თანაბარუფლებიან პარტნიორად განგვიხილოს. ამასთან, ირანის ან რუსეთის სამხედრო მოკავშირეობა ვერ დაგვიცავს ისეთი საფრთხისგან როგორიც არის, მაგალითად, საერთაშორისო ტერორიზმი ან ბირთვული იარაღის არალეგალური გავრცელება. რუსეთს თავად აქვს პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში და ამასთან, როგორც ჩვენივე გამოცდილება გვიჩვენებს, მისი დაპირებები სანდო არ არის.
რუსეთის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი აღზრდა ჩვენი საქმე არ არის. თუ რუსეთი ოდესმე მოისურვებს დასავლური ტიპის ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ამას ვერ დაველოდებით. რუსეთი ისეთია, როგორიც არის და აქედან უნდა ამოვიდეთ მასთან ურთიერთობისას.
რის შემოთავაზება შეუძლია რუსეთს? არაფრის, გარდა იმისა, რომ იმაზე უფრო ცუდად არ მოგვექცევა, ვიდრე აქამდე მოგვექცა. რუსეთს არა აქვს არც ახალი პოლიტიკური იდეები და არც პროექტები. ე. წ. ”ევრაზიული კავშირი” საბჭოთა კავშირის გადამღერებაა და სხვა არაფერი. რუსეთი გვთავაზობს მისი გავლით ვიურთიერთოთ დასავლეთთან. რატომ? ჩვენ მეცხრამეტე საუკუნეში აღარ ვცხოვრობთ და დასავლეთთან პირდაპირ, შუამავლების გარეშე შეგვიძლია ურთიერთობა.
ზურაბ ხარატიშვილი
,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“
მასალის გამოყენების პირობები






