ექსპერტი ელენე ხოშტარია აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ახალ სამხედრო შეთანხმებაზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას აფხაზეთის დეფაქტო ანექსიად აფასებს.
„ეს არის აფხაზეთის დეფაქტო ანექსია, იმიტომ რომ ვალდებულება, რომელიც მოყვანილია ამ დოკუმენტში ემსახურება, როგორც უსაფრთხოების სფეროში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ და კანონმდებლობის სფეროში აფხაზეთის მთელი არსებული სისტემის რუსეთის სისტემაზე გადაწყობას და მორგებას; ასევე საერთო ჯარის შექმნას და აგრესიის შემთხვევაში რუსეთის კონტროლის ქვეშ გადასვლას; ეს არის აგრეთვე სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულიად რუსულ კანონმდებლობაზე მოწყობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული კონტროლის ქვეშ გადასვლა; ეს არის საბაჟო კანონმდებლობის რუსულ კანონმდებლობაზე გადასვლა და მათ შორის ევრაზიული კავშირის კანონმდებლობაზე; ასევე, ეს არის ე.წ. საზღვრის ფაქტობრივად გაუქმება ფსოუზე და მთელი რესურის ენგურზე გადმოტანა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ ხელშეკრულება და ეს არის ქვეყნის დეფაქტო ანექსია.
ექსპერტი აცხადებს, რომ აღნიშნული ჯერ კიდევ მაისში დაიგეგმა, როდესაც აფხაზეთში შიდა პოლიტიკური კრიზისი და ცვლილებები მოხდა.
„ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი, ჯერ კიდევ მაისში, როდესაც იქ შიდა პოლიტიკური კრიზისი და ცვლილებები მოხდა, მაშინ იყო ანონსირებული და ხაჯიმბას მოსვლის ლოზუნგი იყო მთლიანად აფხაზეთის ახალი ასოცირება რუსეთთან“,- განაცხადა ხოშტარიამ.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტმა იმ გზებსა და ხერხებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს.
ხოშტარია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე მკაფიო და ხმამაღალი განცხადებები, არამხოლოდ საგარეოს დონეზე, არამედ საჭიროა უმაღლეს პოლიტიკუს დონეზეც გაკეთდეს.
„პირველ რიგში ერთადერთი ხერხი რაც ჩვენ გვაქვს ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა, ჩვენ ვნახეთ ყირიმის შემთხვევა, როდესაც რუსეთმა საკმაოდ მტკივნეული სანქციები მიიღო. იმისთვის, რომ შენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია გქონდეს მობილიზებული, ამაზე მუდმივად უნდა იმუშაო, ამიტომ საერთაშორისო თანამეგრობობის რეაქციის მობილიზება ახლა უფრო რთული იქნება. ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი დრო, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ავამუშაოთ საგანგებო რეჟიმში ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი, იქნება ეს ევროკავშირი, ეუთო, გაერო. არსებობს უამრავი საერთაშორიო სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უნდა ჩავრთოთ, არა უბრალოდ საგარეოს დონეზე, არამედ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. უნდა გაკეთდეს ამის შეფასება პრემიერის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ეს უნდა იყოს ხმამაღლა და მკაფიოდ გაკეთებული განცხადებები. უნდა გადავხედოთ რუსეთთან ურთიერთობის იმ პოლიტიკას, რაც გვქონდა და იგივე საერთაშორისო თანამეგობრობას ვუთხრათ რომ აი ჩვენ აქამდე ყველანაირად ვეცადეთ, მაგრამ ფაქტობრივად რუსეთისგან უარესი მოიტანა, და ამ გზით უნდა შევეცადოთ და როგორც ყირიმის შემთხვევაში მოხდა - საკმაოდ სერიოზული ზეწოლა რუსეთზე, ჩვენც მოვახერხოთ მსგავსი ზეწოლა, რათა არ დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. შეიძლება ეს ვერ შევაჩეროთ, მაგრამ ყოველშემთხვევაში რუსეთს ეს ძალიან ძვირი უნდა დაუჯდეს“,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






