„უსაფრთხოების თემებზე რუსეთთან მარტო საუბარი ეს არის ძალიან დიდი მახე“,- ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ კახეთ-დაღესტანის გზის სავარაუდო მშენებლობის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს გზა არ არის მხოლოდ ეკონომიკური, ამ გზას აქვს როგორც მინიმუმ უსაფრთხოების ელემენტები, მასში არის კომპონენტი, რომელიც გავლენას მოახდენს უსაფრთხოებაზე, ამიტომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამის განხილვა უკვე არის იმ მანდატის დარღვევა, რომელიც აქვს აბაშიძეს და ეს არის უკვე არასწორი, ძალიან საშიში და მცდარი ნაბიჯი, იმიტომ რომ უსაფრთხოების თემებზე რუსეთთან მარტო საუბარი ეს არის ძალიან დიდი მახე და საფრთხე საქართველოსთვის“,- განაცხადა ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.
ელენე ხოშტარიამ თედო ჯაფარიძის განცხადებას ადეკვატური უწოდა, იმის შესახებ, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე დასაფიქრებელია რამდენად ღირს კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრის გამართვა.
"ბუნებრივია, როდესაც შენ ორი წლის განმავლობაში, ცდილობ ამ გზით ურთიერთობის დარეგულირებას, მიუხედავად მავთულხლართების გაბმისა, მიუხედავად საუბრისა და პოზიტივი გვაქვს ეკონომიკაში და ზოგადად რაღაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს და კულტურზე და ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, როდესაც გაქვს რეგრესი ურთიერთობაში, რაღაც მომენტში ამასაც უნდა დაარქვა თავის სახელი, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე ეჭვი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრზე უშუალოდ მიბმულ აბაშიძეს მეტი წონა აქვს ამ მთავრობაში, მისი პოზიცია იქნება მთავარი და არა თედო ჯაფარიძის პოზიცია. მთავარი ფაქტი, რომ თვითონ კოალიციაში უპირისპირდებიან ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე, ესეც თავისთვად პრობლემაა, რა რეაქცია უნდა მოითხოვო შენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან, როდესაც მთელი ერთი დღე დავხარჯეთ ერთმანეთის ლანძღვაზე და კინკლაობაში თვითონ შიგნით კოალიციაში“,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






