საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ თუ ადამიანი იარაღს ყიდულობს თავდაცვისთვის ცხადია, ეს იარაღი თავდაცვით მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს შენახული და არა დაშლილი.
„არც ერთი კანონპროექტი არ არის უხარვეზო და მერე, კომიტეტებში იხვეწება ყველა. ესეც ასე იქნება. იქ მარტო ეგ ხარვეზი არ არის. რამდენადაც ვიცი, ახალი კანონპროექტით იარაღის გამოყენების წესებშიც შედის ცვლილება, მეტი უფლებები ეძლევა პოლიციას იარაღის გამოყენების მხრივ და მაგალითად, ამას, მე არ ვეთანხმები და ვეცდები, არც ეს ცვლილებები შევიდეს, ანდა დაიხვეწოს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად უფართოვდება პოლიციას უფლებები იარაღის გამოყენების მხრივ“, -აცხადებს აბაშიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე რა ბედი ელით იმ 23 წლამდე მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეძენილი აქვთ იარაღი, აბაშიძე პასუხობს, რომ ესეც გასარკვევია.
„თუ ჩაბარება მოუწევთ, ცხადია, კომპენსაციის საკითხიც უნდა იყოს განსაზღვრული. თუ ეს კანონპროექტში არ წერია, ესეც ხარვეზია. განვიხილავთ, რაც ჩასაწერია, ჩავწერთ და რაც ამოსაღებია - ამოვიღებთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. რა ვქნა, ჯერ იურიდიულ კომიტეტს არ განუხილავს ეს კანონპროექტი, ჯერ დაიწყოს განხილვა და დანარჩენზე, მერე ვილაპარაკოთ“, -აცხადებს აბაშიძე.
წყარო: გაზეთი „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






