საქართველოს პარლამენტის 5-კაციანი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
როგორც დელეგაციის ერთ-ერთი წევრი უმრავლესობიდან, ომარ ნიშნიანიძე ამბობს, ამერიკელი კონგრესმენები სულაც არ არიან იმ ჭკუაზე, როგორც ამას „ნაციონალები“ ხატავენ:
“რასაც „ნაციონალები“ ყვებიან, ეს არის სრული სიცრუე. ესენი ყოველდღე ამტკიცებენ, საქართველოში დაჭერების სერია მიმდინარეობს და ეს პოლიტიკური დევნააო, ამერიკელ კონგრესმენებს კი ყველაფერი მიაჩნიათ ნორმალურად. „ნაცხროვა“ იმასაც ამტკიცებს, ამერიკაში ერთი ამბავია ატეხილი დაჭერებთან და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებითო. თუ ვინმე ამათ სასარგებლოდ ერთ სიტყვას მაინც ამბობს, ის არის მოსყიდული... ამათ ჰყავთ უცხოეთში ნაჭმევ-ნაზულუქები პოლიტიკოსები როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ჩემი შვილი მუშაობს ერთ-ერთ ბანკში და მისგან ვიცი, 2012 წლის არჩევნებამდე „ნაციონალებს“ ასეულობით მილიონი დოლარი გაჰქონდათ თითქმის ყველა ბანკიდან, მიდიოდა გადარიცხვები უცხოეთში. აი, ამ ფულს ხარჯავენ ახლა და აწყობენ პროვოკაციებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დააბრუნონ ხელისუფლებაში. მერწმუნეთ, შეიძლება ჩვენ წავიდეთ ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ მობრუნების პერსპექტივა მაინც არ აქვს“, -აცხადებს ნიშნიანიძე.
მისი თქმით, ამერიკაში ბიუჯეტის თანხებით არ წასულან, ამ მივლინების ორგანიზება ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „IRI“ უზრუნველყო.
„სხვათა შორის, ერთი „ნაციონალიც“ გვყავდა დელეგაციაში, ვაჟა ჩიტაშვილი, შედარებით წყნარი კაცია, თორემ შეიძლება ვერ ამეტანა. ლექციები, ვუტარე ბლომად. მე მგონი, ჩვენსკენ შემოტრიალდა. მოკლედ, ჩვენ ვიყავით რამდენიმე შტატში და ვნახეთ, როგორ არის იქ განვითარებული სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის ფაკულტეტები უნივერსიტეტებში და საცდელი მეურნეობები. ჩვენთან ყველა საცდელი მეურნეობა გაიყიდა და მიწები დაიტაცეს, გაყიდეს, გაანადგურეს, მოსპეს, „დაჩებად“ დაირიგეს. ჩვენ უახლოეს ხანში ანგარიშს წარვადგენთ, პარლამენტში მოსმენა იქნება, ამერიკაში განვითარებულია კოოპერაცია, ჩვენი გლეხი ვერ მივიყვანეთ ამ დონემდე. ჩვენს გლეხს უნდობლობაც სტანჯავს, გაუცხოებულები ვართ, ერთმანეთს არ ვენდობით“, - აცხადებს ნიშნიანიძე.
წყარო: გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






