საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს.
მინისტრის თქმით, მათ რამდენიმე კამპანია აქვთ შემუშავებული და ერთ-ერთი არის ის, რომ - „მთავრობა კრიმინალს ვერ ებრძვის და კრიმინალმა იმატა“.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში ხატავს აპოკალიპტურ სცენარებს. ისინი საუბრობენ ერთი და იმავე მესიჯით და როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთანაირად ლაპარაკობდნენ და ვერ გაარჩევდი მათ ერთმანეთისგან, ახლა ოპოზიციაში მოქმედებენ ისევე. ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა, რომ მთავრობა უუნაროა და ამით აშინებენ საზოგადოებას, რომ დაბრუნდება კრიმინალის თარეში ქვეყანაში. ეს არის მათი ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც არანაირი დამტკიცება არ სჭირდება. ეს არის სახეზე, ეს გადის ეთერით, ტელევიზიით, რადიოთი თუ გაზეთებით. ეს არის მიზანმიმართული კამპანია მთავრობის წინააღმდეგ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში არსებული ტელევიზიების ძირითადი რეპორტაჟები კრიმინალთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პიარ-კამპანიას ეძღვნებოდა.
„ყველა ტელევიზია, რაც კი არსებობს საქართველოში ყველა რეპორტაჟი ბოლო თვეებში ეძღვნებოდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-კამპანიას, რომელიც მიზანმიმართულად ამტკიცებდა ერთი და იგივე სიცრუეს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, კრიმინალები იწყებენ თარეშს და რომ მთავრობა არის სუსტი, ეს კამპანია რომ იყო და დღესაც არის სახეზე ამას დამტკიცება არ ჭირდება.“- განაცხადა წულუკიანმა
მასალის გამოყენების პირობები






