აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ახალ სამხედრო შეთანხმებაზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში საქართველოს მთავრობა საფრთხეს ვერ ხედავს. მათი თქმით, ამ დოკუმენტს "სამართლებრივი ღირებულება ვერ ექნება".
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცახდებით, არანაირ დოკუმენტს, რომელსაც მიიღებს არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი, სამართლებრივი ღირებულება არ ექნება,
„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია ისევე, როგორც ცხინვალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით ჩვენ დავიწყებთ დეოკუპაციის პროცესს", - აცხადებს ირაკლი ალასანია.
საფრთხეს ვერ ხედავს ვერც სახელისუფლებო გუნდის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს, აფხაზებსა და ოსებს ელაპარაკოს მხოლოდ მშვიდობის და არა ძალადობის ენაზე.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რუსეთმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ახლა ცდილობს, ფაქტობრივ ანექსიას უკვე ფორმალური სახე მისცენ.
„ეს არის ძალიან ახლომხედველი პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო დააცილებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი შედის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფაზაში და, რაც რუსეთში ამის შედეგად მოხდება, აისახება ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის მომავალზეც,“- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






