აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ახალ სამხედრო შეთანხმებაზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ქართველი ანალიტიკოსები რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პასუხად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით "რუსეთი აფხაზეთს შეისრუტავს".
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი, სერგი კაპანაძე, ამბობს, რომ ეს არის პასუხი იმ ევროინტეგრაციის პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ამ რეგიონში.
„საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ინტეგრაცია ევროკავშირთან, ეს არის გარკვეული პასუხი ამაზე რუსეთის მხრიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის სახიფათო იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხდება იურიდიული დაკავშირება აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან. ასევე საყურადღებოა ურთიერთთავდაცვითი ის ვალდებულებებიც, რომელსაც ეს ორი მხარე იღებს ამ ხელშეკრულებით“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
ხათუნა ლაგაზიძე კი ამბობს, რომ „ამ ხელშეკრულებით რუსეთი აფხაზეთს შეისრუტავს."
„დაწყებული სამხედრო ფაქტორებიდან და ე.წ. ერთობლივ სამხედრო შეიარაღებულ ძალებს, კრიზისის შემთხვევაში უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციიდან დანიშნული პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურად რუსული ჯარებია და ნაკლები საერთო აქვს აფახაზეთთან. ასევე არანაკლებ საინტერესოა ის, რომ რუსეთი პირადაპირ იღებს ასე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს აფხაზეთში. ამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთი შეისრუტავს აფახაზეთს",- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






