იოსებ გიორხელიძის გატაცებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე აფასებს. ჩაფიძემ აღნიშნულის შესახებ „პირველის პრესკლუბში“ ისაუბრა:
"მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პათოსს, რომელიც მას ამ განცხადებაში ჰქონდა. უკვე ორი წელია, პარლამენტში ყოველ ოთხშაბათს ვისმენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არასტაბილური, კირმინოგენური სიტუაციაა, ეკონომიკა უკან მიდის, სოციალური ფონი უარესდება და ა.შ. ეს კი ქვეყნის საგარეო იმიჯზე ძალიან ცუდად მოქმედებს. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და რა კავშირები არსებობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და კრიმინალებს შორის მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაშია. პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაურია და ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რაზე დაყრდნობითაც მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს. ამიტომ არ მაქვს არავითარი საფუძველი არ გავიზიარო პრემიერ-მინისტრის ეს შეფასება, რომელიც აბსოლუტურად ჯდება პოლიტიკური განცხადების ფარგლებში. განცხადება, რომ დაკავებული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები არიან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააუქმა, არავითარ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს. ეს ფაქტის კონსტატაციაა.
ხელისუფლება ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ვართ პატარა ქვეყანა და არ აქვეყნებს იმ კადრებს, რომელიც ზუგდიდის სამალავებში იყო აღმოჩენილი, რაც ერთის მხრივ საზოგადოებას სრულ წარმოდგენას შეუქმნიდა, თუ ვისთან გვაქვს საქმე და მეორეს მხრივ ადამიანებს შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა. ჩვენ სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობთ არ გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ცდებიან პოლიტიკური ოპონირების ფარგლებს და ერჩიან არა ხელისუფლებას, არამედ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა ჩაფიძემ.
"მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






