სოხუმის მოთხოვნას ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებაზე თბილისსა და სოხუმს შორის ხელმოწერის შესახებ პერსპექტივა არ აქვს - ასე აფასებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნას მმართველი გუნდის წევრები.
დეპუტატები ამბობენ, რომ ამას დე ფაქტო რეჟიმი დიდი ხანია ითხოვს და საკითხის წამოწევას ისინი ჟენევის მოლაპარკებების დაწყებისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ ამ პირობებს ქართული მხარე არასდროს დათანხმდება, რადგან კონფლიქტის მხარე რუსეთია და არა აფხაზეთი, ან ცხინვალი.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქართულმა მხარემ დიდი ხანია გააკეთა განცხადება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ, მაგრამ რუსეთის მზაობა უკვე წლებია არ დადასტურებულა.
„გასარკვევია მთლიანობაში ერთიან კონტექსტში ძალის გამოუყენებლობა. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, მაგრამ საჭირო არის ყოველმხრივი სიმეტრია ამ საკითხში, რომ რუსეთის მხრიდანაც იქნას იგივე აღიარებული. მოულაპარაკებელი საკითხი არ არსებობს, თუ ამის სურვილი იქნა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი“, - განაცხადა მინისტრმა.
კანონმდებლებმა რუსეთის მიერ კახეთისა და დაღესტნის დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტზეც გააკეთეს კომენტარი.
„სრული ინტეგრაციის თემას გვერდი აუარეს და ცდილობენ სტრუქტურული ურთიერთობებით იგივე განახორციელონ. ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წარუმატებელი იქნება“, - განმარტავს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






