„ხელისუფლების გარიგებამ კრიმინალური სამყაროსთან გამოიწვია ის, რომ ადამიანებს იტაცებენ ფულის გამოძალვის მიზნით“, - ასე შეაფასა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი გატაცების ფაქტი.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანა დაბრუნდა თამაზ თამაზაშვილის დროში, როდესაც ადამიანებს პანკისში იტაცებდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. მისივე თქმით, ასეთი გატაცებების შესახებ საზოგადოებას უკვე დიდი ხანია ინფორმაცია აღარ გაუგია.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ უმცირესობას არ მოსწონს ხელისუფლების მიერ კრიმინალთან წარმატებული ბრძოლა. ზურაბ აბაშიძის თქმით, სამწუხაროა, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანები პიროვნებებს იტაცებენ მაშინ, როცა ისინი ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე 4 პიროვნება დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის 13 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ის) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი თანამშრომლები.
მასალის გამოყენების პირობები






