გვასალიების ბურუსით მოცული ტრაგედიის ექსკლუზიურ დეტალებზე გაზეთი "პრაიმტაიმი" საუბრობს.
"ზუსტად ერთი წლის წინ, ახალგაზრდა გოგონა სახლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გავიდა და მის კვალს 25 დღის განმავლობაში ვერავინ მიაკვლია. სოციალურ ქსელებსა და მედიაში სისტემატურად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 წლის ნინო გვასალიას უცნაური გაუჩინარების შესახებ. გოგონა თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. გაუჩინარებიდან 25 დღის შემდეგ კი მისი ცხედარი ტყეში ბაიკერებმა ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.
გვასალიების ოჯახს ეს ტრაგედია ჯერაც არ ჰქონიათ მოშუშებული, რომ თავს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდათ. გასულ კვირას, ნინოს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა 27 წლის ძმამ – დათო გვასალიამ. ტრაგედია, 4 ოქტომბერს მეტროსადგურ „300 არაგველზე“ მოხდა. დათო ლიანდაგებში ზუსტად მაშინ ჩახტა, როდესაც მატარებელი ბაქანზე შემოვიდა. მეორე შვილის თვითმკვლელობის შემდეგ დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და კლოფელინის დიდი დოზა დალია, თუმცა, საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
რა გახდა გვასალიების ტრაგედიის მიზეზი? „პრაიმტაიმი“ შეეცადა, ამ მთავარ კითხვაზე გაეცა პასუხი, მით უმეტეს, რომ ეს სულაც არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ოჯახის ტრაგედია. ბოლო დროის სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ახალგაზრდებში სუიციდის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. ამ კონკრეტული ოჯახის ისტორია კი შესაძლოა, ბევრისთვის დამაფიქრებელიც აღმოჩნდეს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, სანამ ნინოს ეძებდნენ, დედამ ნინოს მიერ დატოვებული წერილის შინაარსი გამოაქვეყნა. იმ დღეს, როცა სახლიდან გავიდა და მხოლოდ თვითონ იცოდა, რომ აღარ დაბრუნდებოდა, მხოლოდ ერთი ფრაზით „დაემშვიდობა“ საკუთარ ოჯახს, – არ მინდა თქვენი ნაწილი ვიყოო.
მეგობრები ამბობენ, რომ ის სიცოცხლით სავსე გოგო იყო, მხიარული, იუმორის გრძნობით. თუმცა, ბოლო დროს მაინც ამჩნევდნენ ცვლილებებს. ერთ-ერთმა მეგობარმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ნინო მისთვის რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ესეც ბედისწერა იყო?
ფსიქოლოგების განმარტებით, გარშემომყოფებმა, მათ შორის მშობლებმა, შესაძლებელია, ივარაუდონ მოსალოდნელი სუიციდი. ამ მხრივ, სპეციალისტები რამდენიმე სიმპტომს გამოყოფენ, რაც სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის ახლობლებმა უნდა გაითვალისწინონ:
1. ყველა, ადრე მისთვის საინტერესო და საყვარელი საქმიანობის მიმართ უცბად ინტერესი ეკარგება;
2. ხდება თვითმკვლელობაზე საუბრის დაწყება, უფრო სწორად თემის შემოტანა, ხსენება, მაგრამ არა ხანგრძლივი დისკუსია და დებატები. საუბრის ბოლოს ნაღვლიანი ღიმილი და შესაძლებელია „ხუმრობაში გატარება“;
3. „ვალების“ გასტუმრება, უფრო მორალურის. მაგალითად, პატიების თხოვნა ძველ, მომხდარ ამბებთან დაკავშირებით და ა.შ.;
4. საყვარელი ნივთების გაჩუქება, თითქმის სრულად დარიგება. ეს არის ის სიმპტომები, რომლის შემთხვევაშიც მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.
ეს სიმპტომები ნინო გვასალიასთვისაც იყო დამახასიათებელი. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, მას თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი ძმისთვის უთქვამს, რომ სიცოცხლე აღარ სურდა. დათოს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ჩვენ გვასალიების ოჯახთან, გასაგები მიზეზების გამო, გასაუბრებისგან თავი შევიკავეთ, თუმცა დათო გვასალიას სამძიმარზე მყოფ რამდენიმე ახლობელს გავესაუბრეთ.
„ჩემი აზრით, სწორედ ეს ვერ აპატია დათომ საკუთარ თავს. სულ იმაზე დარდობდა, რომ თავის დროზე ვერ შეძლო ნინოს დახმარება. იმდენად ნერვიულობდა ამაზე, რომ ბიჭს ნერვული გადახრაც კი დაემართა. ამას ემატებოდა საცოდავი დედის მდგომარეობაც, რომელიც 24 საათი დასტიროდა ნინოს. ამ ყველაფერმა იმდენად იმოქმედა, რომ თვითონაც თავი მოიკლა. დათო საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ დას ვერ დაეხმარა. არ ვიცი, სხვა რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ ორივე, საუკეთესო მეგობრები და კეთილშობილები. რა უბედურება ტრიალებს ამ ოჯახის თავს, ვერ გეტყვით“, – მოგვიყვა ოჯახის ახლობელმა,
თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა, ისევე, როგორც კიდევ ერთმა ახლობელმა, რომელიც ჩვენს საუბარში ჩაერთო და მომხდარის საკმაოდ უცნაური ვერსია გააჟღერა. შუახნის ქალბატონმა, რომელმაც გვითხრა, რომ ოჯახის ნათესავია, ასეთი რამ გვიამბო:
„საცოდაობა ტრიალებს, შვილო... უსაყვარლესი ბიჭი იყო, მისი დაც არაჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ. რა დაემართათ და რამ აიძულათ ამ მდგომარეობამდე მისვლა, ვერ გეტყვით. ეს შეიძლება იმ ცოდვის გამოძახილი იყოს, რაც წლების წინათ მოხდა. ხომ იცით, ძველ ხალხს ეკლესია დიდად არ სწამდა, ასე იყო კომუნისტების დროსაც. ამ ბავშვების ბაბუაც, ოღონდ დედის მხრიდან, არ იყო მორწმუნე და არ სჯეროდა რელიგიის. წლების წინათ ეკლესია დაუნგრევია და იმ ქვებით სახლი აუშენებია. ახლა ძნელია იმის თქმა, რომ ის უბედურება, რაც მოხდა, წინაპრების ცოდვას უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ცოდვა არსებობს“.
დათო გვასალიას გარდაცვალებას, „ფეისბუქში“ გამოეხმაურა კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც ოჯახის ახლობელი გახლავთ.
„ჩემი დათო გვასალია... პატარა ნინოს ძმა, რომელიც თავისი დის მოულოდნელი გაუჩინარებიდან ერთ წელიწადში მასთან გაემგზავრა და კიდევ ერთი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა... საოცარი ადამიანი, თბილი, კეთილი და ნიჭიერი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაიფაროს მისი ოჯახი, რომელზე დარდიც მოსვენებას არ მაძლევს“.
ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს გვასალიები ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდნენ, როდესაც ნინო გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ოჯახს გოგონას დაკარგვის მიზეზების დადგენაში ეხმარებოდა.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მხეიძე ვერ ხსნის, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ნინოს ძმის თვითმკვლელობის მიზეზი, ვინაიდან ოჯახთან მისი მუშაობის დროს დათო გვასალიას მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა. მხეიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ წლების წინათ, ბავშვების ბაბუის მიერ ეკლესიის დანგრევის შესახებ ინფორმაცია, საახლობლო წრეში ნამდვილად იყო განხილვის თემა.
ფსიქოლოგი, ჟურნალისტებთან გვასალიების ოჯახის ტრაგედიაზე საუბარს თავს არიდებს და მედიასაც მეტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემა საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს, ჩვენ ზურაბ მხეიძეს რამდენიმე კითხვაზე განმარტება მაინც ვთხოვეთ.
ზურაბ მხეიძე, ფსიქოლოგი:
– საერთოდ არ არის მიზანშეწონილი, ასეთი ინფორმაციების სააშკარაოზე გამოტანა. რომ იცოდეთ, რაზეა აქ საუბარი, თქვენ თვითონვე არ მოინდომებდით ამ სტატიაზე მუშაობას. ეს არის ოჯახის პირადი, ინტიმური სივრცე და არა მგონია, მართებული იყოს ამ სივრცის დარღვევა. მით უმეტეს, მე ფსიქოლოგი ვარ და არ მაქვს უფლება, ჩემი დასკვნები საჯარო გავხადო.
– მესმის და დეტალებზე საუბარს არც გთხოვთ... რადგან ოჯახთან მოგიწიათ მუშაობა, უბრალოდ, გვაინტერესებდა, ელოდით თუ არა, რომ ნინოს ძმაც მის ბედს გაიზიარებდა?
– მე თვითონ ძმასთან მაგ მიმართულებით არც მიმუშავია, ძირითადად ნინოს საკითხზე მიწევდა მუშაობა. რა თქმა უნდა, მის ძმას ვიცნობდი. ის, რომ ეს ბიჭიც ასე დაასრულებდა სიცოცხლეს, არ მიფიქრია. ყოველ შემთხვევაში, რაიმე ისეთი ამ ბავშვისთვის არ შემიმჩნევია. შეიძლება იმიტომ, რომ ხშირი კონტაქტი არ მქონია მასთან. საქმეში ნინოს დაკარგვის შემდეგ ჩავერთე. მისი გაუჩინარების შესაძლო ვარიანტებს განვიხილავდით.
– ითქვა, რომ თითქოს თავის დროზე ამ ბავშვების ბაბუამ, დედის მხრიდან, ეკლესია დაანგრია და იქიდან წამოღებული ქვებით სახლი ააშენა. ამასაც კი დაუკავშირეს ამ ოჯახის ტრაგედია... დაუჯერებლადაც ჟღერს, მაგრამ მაინც საინტერესოა, თქვენ თუ გსმენიათ ეს ისტორია?
– ეს ისტორია ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ მე ფსიქოლოგი ვარ და სხვა კუთხით ვუყურებ ამ ფაქტს. ზოგადად, ეს განხილვის თემა იყო, ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ მომიყვა ოჯახმა. მაგალითად, როგორც მითხრეს, ეს ქვები შემდეგ ისევ უკან დააბრუნეს. მანდ ერთ-ერთი პარადოქსი ისიც იყო, რომ ამ ბავშვების მამა გახლავთ რადიკალურად მორწმუნე და დედა – პირიქით. რაც შეეხება ნინოს საქმეს, იქ პრაქტიკულად თავიდანვე ჩანდა, რომ სუიციდთან გვქონდა საქმე, თუმცა მე მისმა მეგობრებმა დამაბნიეს, რომლებიც თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავდნენ. მხედველობაში მივიღე მისი უახლოესი მეგობრების აზრი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ნინო თავს არ მოიკლავდა. როდესაც ასე ახლოს ხარ ადამიანთან, რაღაც პროცენტი უნდა დაუშვა, რომ მან შეიძლება სწორი ვარაუდი გამოთქვას, თუმცა, სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრების ეს აზრი არ დადასტურდა.
– თქვენ თავიდანვე თვითმკვლელობას ვარაუდობდით?
– ყველა სიმპტომი ამაზე მიუთითებდა. მაგალითად, რაც გიყვარს, იმ საქმიანობის მიმართ ინტერესის შენელება, საყვარელი ნივთების დარიგება-გაჩუქება წინასწარ და ა.შ.
– ისიც ითქვა, რომ ძმას წინასწარ უთხრა, თავის მოკვლას ვაპირებო... შესაძლოა, ამ ბიჭს ეს ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის?
– ეს უკვე მკითხაობა გამოგვივა. კონკრეტულად ძმამ როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის ახსნა მართლა მიჭირს. ჟურნალისტებსაც გირჩევთ, ნუ ჩაუღრმავდებით ამ საკითხს. არ შეიძლება ადამიანის გადმოსვენების დროს, მთელი ტელევიზიები იქ იყვნენ მობილიზებულნი. ამ დროს რას ელოდებით ჭირისუფლებისგან? იმიტომ, რომ სენსაციაა და რაღაც სკანდალური მასალა გამოვიდეს, ამის გამო ყველაფერზე არ უნდა წავიდეს ჟურნალისტი.
– მესმის, მაგრამ ეს ის საქმეებია, რის მიმართაც საზოგადოების მაღალი ინტერესია და სამწუხაროდ, ჟურნალისტებს გვიწევს ასეთ თემებზე მუშაობა...
– გასაგებია, მაგრამ მე რომ გამოვიდე ახლა და რაც ვიცი, ყველაფერი მოვყვე, შეიძლება ძალიან პოპულარული გავხდე, მაგრამ მისაღებია ასეთი პოპულარობა? ასეთივე მიდგომა უნდა გქონდეთ ჟურნალისტებსაც. იაფფასიანი სენსაციები კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ ის, რომ თქვენს სიტყვას უფრო მეტი წონა ჰქონდეს. ცოტა ლექციასავით გამომივიდა, მაგრამ მერწმუნეთ, არ შეიძლება ასეთ თემებზე ასე საჯაროდ საუბარი.
მიუხედავად იმისა, ჟურნალისტები მსგავს თემებზე საჯაროდ ისაუბრებენ თუ არა, პრობლემა პრობლემად რჩება... ამას სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მიმდინარე წელს სუიციდის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი შემზარავი ისტორიაც რამდენიმე თვის წინ ვაკეში, შროშის ქუჩაზე მოხდა, როდესაც 14 წლის გოგონა სუიციდის მიზნით მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. შვილის თვითმკვლელობას დედა შეესწრო, რომელმაც მომენტალურად იგივე გადაწყვეტილება მიიღო და იმავე აივნიდან გადახტა. დედა გადარჩა, ის ქვედა სართულის აივანზე დაეცა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო", - წერს გამოცემა.
წყარო: გაზეთი "პრიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






