პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უვადო პატიმრების შეწყალების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"კვირის პალიტრისთან“ საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ადასტურებს, რომ უვადო პატიმრების საკითხი პრეზიდენტთან უახლოეს შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატივა თავად მარგველაშვილს ეკუთვნის.
ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: "ჩვენ უახლოეს დღეებში შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია, მათ შორის ერთ-ერთია სწორედ უვადო მსჯავრდადებულთა თემა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის - 3 ქალი. გვინდა, მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება.
პატიმრებმა ნაწილობრივ მოიხადეს სასჯელი, პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა, მისცეს მათ შანსი, რათა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება. ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, არანაირი კავშირი არ არის პრეზიდენტის შეწყალებებსა და კრიმინალური სიტუაციის გართულებას შორის.
- საზოგადოების ნაწილის აზრით, პატიმართა ხშირად შეწყალება რისკთან არის დაკავშირებული.
- არ შეიძლება საზოგადოებაში სკეპტიციზმის დათესვა. პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, გაათავისუფლოს ნებისმიერი მსჯავრდადებული, რა თქმა უნდა, ეს მისი რისკი და პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირებიდან (მარგველაშვილმა სულ შეიწყალა 660 პატიმარი, აქედან სასჯელაღსრულების დაწესებულება 460-მა მსჯავრდადებულმა დატოვა, დანარჩენებს კი სასჯელის ვადა შეუმცირდათ), ციხეში მხოლოდ 8 კაცი შებრუნდა და მათ არ ჩაუდენიათ ისეთი ტიპის დანაშაული, რომელიც ქვეყნის კრიმინოგენულ ვითარებაზე აისახა.
- შესაწყალებელ პატიმართა საქმეების განხილვა რამდენად კვალიფიციურად ხდება?
- პრეზიდენტი დეტალურად განიხილავს კომისიის მიერ რეკომენდებულთა სიას, სათითაოდ სწავლობს ყველა საქმეს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
- რამდენად საკმარისია ის ვადა, რაც საქმეების განსახილველად გაქვთ მოცემული?
- ბოლო შეწყალებაზე კომისია 26-დან 29 სექტემბრამდე მუშაობდა. 29 სექტემბერს გადავუგზავნეთ პრეზიდენტს ჩვენი სია და მან 9 დღის შემდეგ გამოსცა განკარგულება. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს და დეტალურად განვიხილეთ თითოეული საქმე. დარწმუნებული ვარ, ის 88 პირი, რომლებმაც გასულ კვირას დატოვეს საპატიმრო, არ ჩაიდენს ასოციალურ ქმედებას და თავს ისევ არ ჩაიგდებს საპატიმროში. მაგალითად, 31 ივლისს 168 კაცი გათავისუფლდა და აქედან მხოლოდ ერთი შეაბრუნეს უკან.
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






