ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს, დღეს შეძახილებით დახვდნენ. "უხელფასობას - არა, ნეპოტიზმს - არა, ცენზურას - არა, სანიკიძე წადი" ამ ლოზუნგებით მიეგებნენ სახელმწიფო მინისტრს აქციის მონაწილეები.
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ფერაძე და ცენტრის წევრი, დავით სალია აღნიშნავენ, რომ რაც კი თამარ სანიკიძის მმართველობის პერიოდში კონკურსი ჩატარდა, არც ერთი მათგანი სამართლიანი არ ყოფილა. "ნეპოტისტო, სანიკიძე, გადადექი. ცენზურის დედამთავარი ხარ, გადადექი". - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მინისტრის მისამართით.
თამარ სანიკიძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია, თუმცა, საკადრო ცვილებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
"არ ვიცი, მართალი გითხრათ ამ თემაზე განხილვა არავისთან, არც მთავრობაში და არც სხვა უწყებებში არ მქონია. ამაზე საუბარი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და წინა წლებიდან მოდის. შეუცვლელი არავინ არის, თუ საკადრო ცვლილებები საჭირო იქნება, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ჯერჯერობით ამ თემაზე კონუსლტაცია ან საუბარი არავისთან არ მქონია", – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება:
"ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში. როგორც კი დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა და კანონში განისაზღვრება ცვლილებები, ჩვენ შევძლებთ ერთდროულად დავიწყოთ 2015 წელს სქემის ამოქმედება და განვახორციელოთ ის სახელფასო ცვლილებები, რომელსაც სქემის ფარგლებში ვგეგმავთ. ეს იქნება ნაწილობრივ საბაზო ხელფასის ზრდა, თუმცა ხელფასები ასევე გვინდა იყოს რანჟირებული, რათა გაიზარდოს მოტივაცია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






