„სახალხო კრების“ წევრი, ლაშა ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად გაუარესდა.
„როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ბებიას მანქანას უყადაღებ, ამას ევროპელები და ამერიკელები ვერ იგებენ, არ ესმით. ზვიად ძიძიგური იძახის, ჩამოვიდნენ და ნახონ, საქმეებში ჩაიხედონო. რა უნდა ნახონ, შენ ალაოდ ხომ არა ხარ? გაამზადე დოკუმენტები და გაგზავნე, დაარწმუნე იმაში, რომ ესენი დამნაშავეები არიან. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, არ მუშაობენ, თითს თითზე არ აკარებენ, დღეს „ქართულ ოცნებას“ ნაყარ-ნუყარა „ნაციონალები“ სჯობნიან. ესენი არც ლობისტებს ქირაობენ, არც თვითონ აკეთებენ რამეს. დგანან და ლაპარაკობენ, „ნაცმოძრაობა“ ფულით გვერევაო, შენ არ გაქვს ფული? უნდა დახარჯო, სხვანაირად არ გამოდის“, -აცხადებს ამირეჯიბი.
მისი თქმით, საშინაო პოლიტიკა მისახედია და სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს „ქართული ოცნება“ როგორც პარტია.
„ეს პარტია კარგა ხანია დაკოჭლებულია, რომელიც დღეს თუ ხვალ უნდა წაიქცეს. ამაზე დიდი ხნის წინ ვლაპარაკობდი. ისე, მაინტერესებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ხალხთან რომ მივლენ, რა უნდა უთხრან, სად ვიყავით ამდენი ხანიო? ამომრჩევლები რომ ჰკითხავენ, რატომ მოგვატყუეთო, რას უპასუხებენ? სამწუხაროდ, ხალხი ძალიან გამწარებულია, ამის შემოტრიალება ძალიან ძნელია. მე ჯანყარაშვილს არ ვიცნობ, გაგონილი მაქვს, კარგი ორგანიზატორიაო, მაგრამ პოლიტიკაში თვალიც არავის მოუკრავს. თუ ჯანყარაშვილი მხოლოდ იმისთვის მიიყვანეს, რომ თანხები გააკონტროლოს, ეს სხვა საკითხია“, -აცხადებს ამირეჯიბი.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი დაამტკიცა. ჯანყარაშვილს ,,ქართულ ოცნებაში“ ფინანსების და შიდა კონტროლი დაევალება.
წყარო: გაზეთი „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






