რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგებასთან დაკავშირებით, ექსპერტი ნიკა ჩიტიძე ეხმაურება.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტმა განმარტა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება რეგიონში არასტაბილურობის გამომწვევი არ იქნება. ხოლო რუსეთმა თუ არ შეცვალა საკუთარი პოლიტიკა, დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდება. რეგიონის სტაბილურობას კი საფრთხეს თავად რუსეთი და მისი მოქმედბები უქმნის:
„ფაქტია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, საიდან გამომდინარეც შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა კვლავ გამოაჩინა საკუთარი არაკონსტრუქციული პოზიცია საქართველოს მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, როდსაც იმ პროცესის პარალელურად, რომელსაც ჟენევის ფორმატი ჰქვია, სადაც განიხილება პრობლემური საკითხები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, რუსეთი აკეთებს განცხადებას ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით. თითქოს, ის პრობლემას შეუქმნის რეგიონულ სტაბილურობას.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია ნატო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთავსებით, თუ რა ობიექტი უნდა განთავსდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება სტაბილურობას, პირიქით, სწორედ რომ ნატო-ს და დემოკრატიული სამყაროს შეღწევაა საქართველოსა თუ მთელ რეგიონში, კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს სტაბილურობას. სწორედ ნატო გახლავთ დღეს მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონებში სტაბილურობის მთავარი გარანტი. ნატო-ს ჩართულობა ავღანეთში წარმოებულ ოპერაციებში ამის ერთერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს. მეორე მხრივ, რომელიც არასტაბილურობის კერას წარმოადგენს, ეს რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციაა.
სწორედ რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფნა და მათი განთავსება საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში წარმოადგენს საფრთხეს მთელი რეგიონისთვის. რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში, იგივე დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს მიმართ და უკრაინის მიმართ, უქმნის საფრთხეს როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ მშვიდობას“, - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს თავდაცვისა და საგერეო საქმეთა მინისტრების განცხადებები აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებით მისაღებია, რადგან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება არავის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება:
„ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები თავდაცვის მინისტრის განცხადებას. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდებას, რუსეთმა უნდა გაანეიტრალოს ბევრი საფრთხე, მასაც ვეთანხმები, ვინაიდან სწორედ რუსეთიდან მომდინარეობს საფრთხე. უნდა იყოს მოგავრებული ისეთი პრობლემები, რომელიც ეხება თუნდაც საოკუპაციო ხაზზე პრობლემების შექმნას. სწორედ რუსეთმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ მას რეალურად სურს, რომ მოხდეს მისი მაქსიმალური ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი სრულიად მარტო აღმოჩნდება იზოლაციაში, რომელშიც ის დღეს მეტნაკლებად იმყოფება. ამიტომ, აგრესიული პოლიტიკა თვითონ რუსეთს უქმნის საფრთხეს“, - განმარტა ჩიტიძემ.
აღნიშნულ ფონზე სომხეთის ევრაზიულ კავშირში შეერთებაით, ექსპერტის განმარტებით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს პრობლემები არ შეექმნება:
„გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთი მეტწილად არის დამოკიდებული საქართველოზე, სომხეთი თავის საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებს ძირითადად საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების 70 პროცენტი მოემართება. აქედან გამომდინარე, სომხეთის ინტერესებში არ შედის საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესება. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირები ერთმანეთისგან განსხვავდება“, - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნიკა ჩიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






