საქართველოს პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, სოფელ ლამბალოში მომხდარ საზარელ ისტორიას ეხმაურება, სადაც ორი შვილის დედა, ქმრის ნათესავებმა სოფლის დასანახად აწამეს.
„საშინელებაა!!!! უბრალოდ გამაოგნებელია საზოგადოების რეაქცია, რომელიც მშვიდად უყურებდა, როგორ სცემდნენ ქალს ეს არაკაცები.
რისი ბრალია ეს? იმის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქალებს უპირობო მონობისკენ მოუწოდებს და ამით მოძალადეს ახალისებს? იმის, რომ ზვიგენთმფლობელმა სიტყვა "გენდერის" მნიშვნელობაც კი არ იცის? იმის, რომ პრემიერი ამბობს, ოჯახის წევრები ადრეც კლავდნენ ერთმანეთს და მომავალშიც მოკლავენო? იმის, რომ აზერბაიჯანული წარმოშობის სანამ არ იქნება მოძალადე, მანამდე ხმის ამოღება „ტეხავს“ ქართველი მართლმადიდებელი ჯიგიტების წინააღმდეგ? იმის, რომ ახლა თავისუფლად სუნთქავს კრიმინალი?! იმის, რომ ქალების უმეტესობისთვის შეუძლებელია განქორწინება და იძულებულნი არიან წლების განმავლობაში აიტანონ მუდმივი ძალადობა?
არ ვიცი, ფაქტია, უკვე ძნელი გასაგებია, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ? ევროპაში და ცივილიზაციაში რომ არა, ეს ცხადია“,- წერს თაქთქიშვილი.
სოფელ ლამბალოში შემზარავი ისტორია მოხდა. 30 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
თუმცა, ვიდრე ხანუმ ჯეირანოვა თავს ჩამოიხრჩობდა, მთელი სოფელი უყურებდა თუ როგორ უსწორდებოდნენ მას ქმრის ნათესავები.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ღალატში დაადანაშაულეს, სოფელში ჩამოატარეს და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ აყენებდნენ.
ამ სისასტიკეს სოფელში ტრადიციებით ხსნიან და არც იმ ადამიანებს ამტყუნებენ, რომლებიც ორი შვილის დედას საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სცემდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






