სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე საათის წინ საკანონმდებლო ორგანოში შედგა.
„საქართველომ რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხოლო სომხეთი რამდენიმე დღეში აპირებს შეუერთდეს ევრაზიის კავშირს და ასე უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა და განხორციელება. საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან სულ უფროდაუფრო მზარდი სიახლოვე და ევროპული ინტეგრაცია არავითარ შემთხვევაში და არაფერში არ აისახება ნეგატიურად ჩვენს მოძმე ხალხთან ურთიერთობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემაც მიმართა.
„ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ განსხვავებული გზებით განვითარდნენ. თუმცა, ჩვენი აზრია, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს. პარლამენტებს შორის კავშირს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამიტომ, მოვუწოდებ ორივე ჯგუფს აქტიური თანამშრომლობისკენ. ველოდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სომხეთში, რათა განვიხილოთ სამდღიანი შეხვედრის შედეგები და ახალი გეგმები“, - აღნიშნა გალუსტ საჰაკიანმა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.
მასალის გამოყენების პირობები






