შეწყალების კომისიის ფუნქციონირებაზე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატ ალეკო ელისაშვილს საუბრობს.
ელისაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისია ძალიან ეფექტურად მუშაობს.
„ესაა მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი და უნდათ, რომ ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, რაც აქვს პრეზიდენტს, შეწყალება, წაართვან და გადასცენ პრემიერ-მინისტრს. რას ჰქვია, კვორუმი არ იკრიბება? იქ არის პასუხისმგებლობის მქონე ხალხი: ლია მუხაშავრია, ზვიად ქორიძე, თეა გოგოტიშვილი, გივი შახნაზარი, მეუფე თეოდორე და რა, ეპისკოპოსი არ დადიოდა? ასაკოვანი ადამიანია და სხდომა არ გაუცდენია. ჯერ ჩემთვის ეკითხა ნიკას და გაერკვია. შეწყალების კომისია ძალიან ეფექტურად მუშაობს და მის სიტყვებს არ ვეთანხმები“, - აცხადებს ელისაშვილი „ალიასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, შეწყალების კომისია, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის დაქვემდებარებაშია, უფუნქციო და არაფრის მაქნისია.
„ჩემი ინფორმაციით, შეწყალების კომისიაში მყოფი საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანები აპირებენ შეწყალების კომისიის დატოვებას, რადგანაც აცხადებენ, ასე მუშაობას აზრი არ აქვსო: ხან ერთი წევრი არ არის, ხან ორი წევრი და რეალური გადაწყვეტილებები არ მიიღებაო. მათ ვერ დავასახელებ იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს პირად საუბარში მითხრეს და გათქმასავით გამომივა. ისე, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი თავის დროზე ამ კომისიიდან წავიდა. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი სააკაშვილსაც შეიწყალებს და ბაჩანა ახალაიასაც, მაგრამ ის ხალხი, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა გაამწარა, დღეს ციხეში რჩება, მაგათთვის ამ კომისიას არ სცალია“,- განაცხადა მჟავანაძემ.
წყარო: გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






