ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით „ქართული ოცნება“ არ არსებობს, „ოცნება“, როგორც პარტიული წარმონაქმნი, ქართულ სინამდვილეში არც გამოჩენილა.
„პარტიის თავმჯდომარე არის პრემიერი, ვიცე-პრემიერი კალაძე არის გენერალური მდივანი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ საკმარისი დრო არ აქვთ პარტიის ასაწყობად, აქედან გამომდინარე პრემიერს უნდა ჰქონდეს კომფორტი პარტიის აღმასრულებელ მდივნად დანიშნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთი მხრივ ენდობა, რომელთან ერთადაც პარტიის მშენებლობაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ეს საკმაოდ მძიმე ამოცანაა, რადგან პარტია „ქართული ოცნება“, ჩემი გაგებით, დღეის მდგომარეობით არ არსებობს. „ოცნება“, როგორც პარტიული წარმონაქმნი, ჯერ ქართულ სინამდვილეში არც გამოჩენილა. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, ობიექტური მიზეზი არის ის, რომ პარტია იმყოფებოდა მუდმივ დაძაბულობაში, საარჩევნო ციკლში, ამის პარალელურად პარტიული მშენებლობა იყო რთული, ეს ყველაფერი ხდებოდა კოალიციურ რეჟიმში და „ოცნების“ საყრდენი იყო კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები, რომლებიც უფრო მეტად გამოცდილები იყვნენ, რაც იწვევდა პარტიის მშენებლობის შენელებას. ასევე, უნდა ითქვას, რომ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები მაინცდამაინც დაინტერესებულები არ იყვნენ, რომ გაძლიერებულიყო „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ჯანყარაშვილს მე მივესალმები პრემიერის ამ გადაწყვეტილებას და წარმატებას ვუსურვებ ზვიად ჯანყარაშვილს ამ გზაზე. დღეს ჯანყარაშვილს ორი ამოცანა აქვს, ერთი _ პარტიის მშენებლობა, მეორე _ ჩამოაყალიბოს მწყობრი იდეოლოგია და მოძებნოს ადამიანური რესურსი, ვგულისხმობ პარტიულ სპიკერებს. პარტიის სახეების პოვნა დღევანდელ საქართველოში საკმაოდ რთულია, ამ ყველაფერს როგორ მოაბამს თავს ზვიად ჯანყარაშვილი, უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ. პარტიის მექანიკური მშენებლობა არაფრისმომცემია, თუ ჩვენ ვერ ვიხილეთ კვალიფიციური გუნდი, რომელიც შეძლებს სრულფასოვან ოპონირებას პოლიტიკურ კონკურენტებთან. ეს პარტია ნულიდანაც არ იწყება, მეტიც, ზვიად ჯანყარაშვილს მოუწევს მინუსებიდან გადავიდეს პლუსებში, „ქართული ოცნება“ ნდობის კრედიტს კარგავს და ამას სჭირდება დაბალანსება, ბატონი ზვიადის ამოცანა ძალიან სერიოზულია და ამავდროულად, ძალიან მძიმე. მე მომისმენია, რატომ არ დაასახელა პრემიერმა პოლიტსაბჭოდან აღმასრულებელი მდივნის პოსტზე რომელიმე მათგანი. სიმართლე გითხრათ, მე რომ ღარიბაშვილის ადგილზე ვყოფილიყავი, არც მე დავასახელებდი რომელიმეს პოლიტსაბჭოდან აღმასრულებელი მდივნის პოსტზე. იქ, ისეთი თვისების მატარებელი, რომელსაც შეუძლია მართოს პარტია და იყოს კარგი მენეჯერი, არც ერთი არ მეგულება. ისედაც ვერასოდეს ვხედავდი პარტიულ მშენებელს პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
წყარო: გაზეთი „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






