„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ევროსაბჭოსთან ჩვენ დიპლომატიური მეთოდებით ვმუშაობთ“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„სააკაშვილმა ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საჩუქრებით დარბოდა სხვა ქვეყნის ხელისუფალთან და ასე შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ მათთან პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით“, - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ რეზოლუციას თავად მომხსენებლებმაც არ დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიას, ბესელია მიიჩნევს, რომ მათთან დამატებითი მუშაობაა საჭირო, რადგან თავსმოხვეული ინფორმაციებისგან გათავისუფლდნენ.
როგორც ბესელია აცხადებს, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ხედავს და რეზოლუციით „არავინ გვეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან ქვეყანაში“.
„არავინ გვეუბნება, რომ კონკრეტულ საქმეზე რომელიმე ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ. ამას ევროსაბჭო ვერ გვეტყვის. ეს არის კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ გამოსატანი გადაწყვეტილება... ევროპის საბჭო და მისი წევრი ქვეყნები არ არიან აღფრთოვანებულები, რომ ამდენი კრიმინალური საქმე გაიხსნა და წინა ხელისუფლების პერიოდში ამდენი ბრალეული პირი გამოვლინდა. არც ჩვენ ვართ აღფრთოვანებულები, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ამდენი დანაშაულებრივი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა. ფაქტია, რომ ეს საქმეები გაიხსნა. ფაქტია, რომ ჩვენ მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა განვიხილოთ ეს საქმეები“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






