"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ე.წ. "ოდეერებთან" დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა და შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. "ოდეერების" ყოლის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მოეხდინა.
ორგანიზაციამ ის კონკრეტული პირებიც დაასახელა, რომლებიც მათი განცხადებით, დღემდე განაგრძობენ კონკრეტულ უწყებებში საქმიანობას და თანამშრომლებზე ინფორმაციის შეგროვებას.
„ოდეერის განმარტება: “ოდეერი” არის ჟარგონი, რომელიც წარმოდგება რუსული სიტყვისგან და ნიშნავს საგანგებო დავალების ოფიცრის ჩანერგვას ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ისე, რომ ის ხდება ამ დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი (ასრულებს შტატით გათვალისწინებულ თავის საქმეს ამ ორგანიზაციაში და ამავე დროს არის გაშიფრული “დამბეზღებელი”). ძნელია, გადაამოწმო, თუ რა სახის ინფორმაციას აგზავნის “ცენტრში”, მისი მოქმედება მკვეთრად სუბიექტურია და შეიცავს შანტაჟის ელემენტებს.
რა არის “ოდეერი”, არსებობდა თუ არა ის აქამდე და რატომ არის მისი გაუქმება აუცილებელი? „ნიუპოსტი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.
„მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ინსტიტუტის არსებობა უნდა იყოს ნათლად და ცხადად დასაბუთებული, რატომ არსებობს და რა მიზანს ემსახურება. შესაბამისად მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროფესიული მსჯელობა მიზანშეწონილობის და მისი არსებობის თაობაზე. ამ შემთხვევაში ჩემთვის მთლად ნათელი არ არის დღეისმდგომარეობით რამდენად მიზანშეწონილია ამ თანამდებობების არსებობა. აქედან გამომდინარე ეს უნდა დაასაბუთოს შესაბამისმა უწყებებმა, თუ რატომ მიიჩნევენ ისინი მიზანშეწონილად მათ არსებობას. მე თავად ასე ვსვამ საკითხს, ერთი - თუ რამდენად სჭირდება უწყებას ფუნქციონალურად, და უკვე მეორე საკითხია ვინ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ვის აქვს უფლება, რომ ეს თანამდებობა ეკავოს, მისი დღევანდელი თუ წარსული საქმიანობის გამო. ასე დავსვამდი მე საკითხს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ,,ოდეერთა“ სიაში არიან ზაზა მაზმიშვილი, ვლადიმერ ბუნტურიძე და ზაზა მალუძე. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ვლადიმერ ბუნტურიძე, კერძო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაცვის უფროსად მუშაობდა. (წინა ხელისუფლების პერიოდშიც)
როგორც „საერთაშორიო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, ბუნტურიძე იკავებდა შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციას. ბოლო მონაცემებით კი ვლადიმერ ბუნტურიძე 2013 წლიდან დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე მუშაობს.
„მე თვითონ არ ვიცინობ ამ პიროვნებას, არც მის წარსულ საქმიანობას, „რუსთავი 2“-ში რომ მუშაობდა დაცვის უფროსად, ეს ჩემთვის არაფერი ინფორმაცია არ არის და არც უარყოფითი ინფორმაციაა“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ე.წ. ოდეერების თემაზე მოსაზრების დაფიქისირება საპარლამენტო უმცირესობის წევრს მიხეილ მაჭავარიანსაც ვთხოვეთ. დეპუტატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ოდეერების“ ინსტიტუტი მათი ხელისუფლების პერიოდშიც არსებობდა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ინსტიტუტის არათუ რეფორმირება მოახდინა, არამედ კომფორტულად მოერგო სიტუაციას.
„ეს ჩვენი ხელისუფლების დროსაც იყო. ახალი ხელისუფლება საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ შეიცვლეობოდა ეს ყველაფერი და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პოლიტიკური გავლენა შემცირდებოდა და აღარ იქნებოდა... მაგრამ, ფაქტი არის სხვა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს ძალიან ოსტატურად იყენებს, იმისათვის, რომ რეალური გადაწყვეტილებები იყოს ამა თუ იმ უწყებაში მიღებული“,- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
აღნიშნულის დასტურად მაჭავარიანმა კონკრეტული ფაქტი გაიხსენა.
„დაახლოებით ერთი წლის წინ „პირველი არხის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულ „ოდეერს“ პირდაპირ ადებდა ხელს, რომ ეს ადამიანი ფაქტობრივად განაგებდა „პირველ არხზე“ ყველა საკადრო საკითხებს, ვინ სად უნდა დაინიშნოს, ვინ როგორ უნდა გადაადგილდეს, ის აძლევდა მითითებებს და ა.შ. როგორც ჩანს, „ქართულმი ოცნება“ ამ ყველაფერს ძალიან კომფორტულად ეგუება. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა მოეგვარებინა და ამას ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ რაც არ ვარგოდა და შესაცვლელი იყო - შეეცვალა, მაგრამ მან რეფორმირება კი არ მოახდინა, არამედ მოერგო „ოდეერის ინსტიტუტს““,- აღნიშნა მაჭავარაიანმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიაში ფარული მიყურადების ამსახველი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ ვლადიმერ ბუნტურიძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. აღნიშნული, ტელეკომპანიის დირექტორმა ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა.
„აქ ყველაფერი უკვე აბსოლუტურად ღიაა, არც გამოძიება არ გრძელდება და პრაქტიკულად, ხელისუფლების მიერ აღიარებულია, რომ ეს ყველაფერი, ბუნტურიძის მეშვეობით მათი დაგეგმილი და კონსტრუირებული იყო. ბუნტურიძეს აქ ჰყავდა კიდევ ჩარჩენილი თავისი აგენტები, როგორც კი კოვზიაშვილი მოვხსენით, მთელი დაცვა თავისი ნებით წავიდა, იმიტომ რომ მთელი დაცვა რეალურად იყო აგენტურა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






