საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობაში მარტოხელა დედის, მამისა და მშობლის სამართლებრივი დეფინიცია განისაზღვრება.
პარლამენტის ჯანდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი ყოველთვის პრობლემური იყო, რადგანაც, საქართველოში, არცთუ ისე იშვიათია, როცა მარტოხელა მშობელი ზრდის შვილს.
„ასეთ მშობელს, უნდა ჰქონდეს გამართული სოციალური და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. ამიტომაც გახდა საჭირო, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაგვეწყო. ამ ეტაპზე, მხოლოდ სოციალური სტატუსი განისაზღვრება, რადგან ჩვენ რომ ახლა რაიმე სოციალურ პაკეტზე მუშაობა დავიწყოთ, არ იქნება სწორი, რადგანაც ჯერ არ ვიცით, რამდენია ამ სტატუსის მქონე პირი. ჯერ სამართლებრივად გავმართავთ საკითხს. შევიმუშავებთ სტატისტიკას, რამდენი ასეთი პირი გვყავს ქვეყანაში და შემდეგ გავაკეთებთ ფინანსურ გათვლას, რა სოციალური პაკეტი შეგვიძლია შევთავაზოთ ასეთ პირებს. როცა არ ვიცით, რამდენი არიან, ფინანსური გათვლა წარმოუდგენელია“, - აცხადებს ხუნდაძე.
მისი თქმით, პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედის, ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.
„მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს, ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების არც ერთ ჩანაწერში არ არის ბავშვის მამის შესახებ მონაცემები. მარტოხელა მამა კი არის პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში, არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. კანონპროექტის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში გადასვლა, ან თუ შვილს 18 წელი შეუსრულდება“, - აცხადებს ხუნდაძე.
ჯანდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მექანიზმს დაადგენენ იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები - „ვინაიდან ახალი დეფინიცია, მარტოხელა მშობელი შემოდის, მარტოხელა დედაც ამ სტატუსის ქვეშ გაერთიანდება და მათაც მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭებათ“.
მასალის გამოყენების პირობები






