თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის სახელფასო დანამატის დამტკიცებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიაში სახიფათოდ მიიჩნევენ.
მათი თქმით, ნარმანიას ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს სხვა თვითმმართველობებისთვის.
„ბრძანება, რომელიც მიღებულია თბილისის მთავრობის მიერ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. აქ არ არის საუბარი, რომ კონკრეტული დასაქმებული პირები, ვინც ყოველთვიურად სახელფასო დანამატს მიიღებენ, არ მიიღებენ პრემიას. საინტერესოა, რა დამსახურების მიხედვით მოხდება სახელფასო დანამატის გაცემა. შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს სხვა თვითმმართველობისთვის და დედაქალაქის მთავრობას მათაც მიბაძონ“, - განაცხადა საია-ს იურისტმა სულხან სალაძე.
მაღალჩინოსნებისთვის სახელფასო დანამატის დამტკიცებას დადებითად აფასებენ უმრავლესობის წევრები. მმართველ კოალციაში ამბობენ, რომ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც თანამდებობის პირებს აქვთ, ეს გადაწყვეტილება სწორეა.
„მე ვარ იმის მომხრე, რომ ესეთ მაღალ დონეზე ჩინოვნიკს, მითუმეტეს, როდესაც ესეთ დიდ თანხებთან აქვთ შეხება, უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება რათა იმუშაოს იმ ენერგიით, რასაც მისგან მოითხოვენ“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






