„ეს უხერხული დოკუმენტი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ მუშაობის გაუმჯობესება მოგვიწევს მთელი რიგი მიმართულებებით“, - ასე შეაფასა ევროსაბჭოს რეზოლუცია უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, თავად მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი და მომხსენებლები იმდენად კრიტიკულად იყვნენ დოკუმენტის შინაარსის მიმართ განწყობილები, რომ მათ მიერვე მომზადებული რეზოლუციის კორექტირებულ ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს.
"ევროპის საბჭოს რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ არის მიღებული. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დოკუმენტის შინაარსის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი მათ შორის, მომხსენებელი და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელიც. მათ არ დაუჭირეს მხარი მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტის კორექტირებულ ვერსიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით პროცესებს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მუშაობა გავაუმჯობესოთ“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს ევროსაბჭომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ბაჩო ახალაიას პატიმრობის ფორმებსა და მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები






