“მე რომ ვიყო უკრაინელი ვერასოდეს ვერ შევძლებდი მეპატიებინა პუტინისთვის“, - მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე ამ კომენტარს გამოცემა „СЕГОДНЯ“-ს ჟურნალისტს აძლევს. ვრცელ ინტერვიუში, რომლის დიდი ნაწილის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეთმობა, მომღერალი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და კონფლიქტის დარეგულირებაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე საუბრობს.
„ყველაფერი, რაც ეხლა უკრაინაში ხდება, იგივე სცენარით კეთდება, რაც ჩვენთან, საქართველოში იყო. რით დამთავრდება ეს პროცესები, რთული სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობაზე და იმაზე - დააწესებენ, თუ არა ისინი სერიოზულ სანქციებს. გარდა ამისა, ბევრია დამოკიდებული თქვენს ხელისუფლებაზე, მაგრამ მე რომ ახალგაზრდა ვყოფილიყავი მეც ვიბრძოლებდი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ქვეყნის ღირსების დასაცავად. ეს ომი დიდხანს თუ გაგრძელდა უკრაინას ფეხზე დადგომა გაუჭირდება“, - აცხადებს ბუბა კიკაბიძე.
მისი თქმით, პუტინი ჩაციკლულია მხოლოდ ერთზე და ფიქრობს, რომ მუდმივად შეძლებს საკუთარი ქვეყნის მართვას.
„ადამიანები კი მუდმივად არ ცხოვრობენ და ყველაფერი მთავრდება, მის შვილთაშვილებსაც კი შერცხვებათ მისი გვარის ხსენება“, -განაცხადა კიკაბიძემ.

მასალის გამოყენების პირობები






