მთავრობის ხელმძღვანელი ახალ სავიზო პოლიტიკაში ხარვეზების გასწორების პირობას სდებს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, გუშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ იმაზე იმსჯელეს, რომ, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ეს ხარვეზები როგორ გამოსწორდეს.
"ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ, რათა კიდევ უფრო კარგად გავაანალიზოთ ეს საკითხი და ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ თუკი რაიმე ხარვეზები გამოიკვეთება, ჩვენ აუცილებლად გავასწორებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად 90 დღით განისაზღვრა.
ასევე 24 ქვეყანას საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა. ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს, შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90 დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.
საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
მასალის გამოყენების პირობები






