თურქეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებმება. ასევე, მიღებული რეზოლუციით, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებსაც მიეცემათ საშუალება მსგავსი დანიშნულებისთვის თურქეთის ტერიტორია გამოიყენოს. აღნიშნულ თემას „ნიუპოსტთან“ ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აფასებს:
„ვფიქრობ, რომ თურქეთის გადაწყვეტილება დადებითად უნდა აისახოს საქართველოს ინტერესებზე, ვინაიდან, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიულ თანამეგობრობაში გაერთიანებული ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს, ამიტომ, პროცესში ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ჩართვა, როგორიც თურქეთია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების საქმეში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც ბრძოლას აწარმოებენ, გაუადვილდებათ სამხედრო ოპერაციების წარმოება. თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თურქეთის საჰაერო სივრცის გამოყენება. ეს ყველაფერი გააადვილებს ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
ეს დაჯგუფება საქართველოსთან მიმართებაშიც აცხადებს პრეტენზიას და მის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. ამიტომ, საქართველოს უნდა აწყობდეს თურქეთის ჩართვა აღნიშნულ პროცესში“, - აცხადებს ჩიტიძე.
ექსპერტის განმარტებით რუსეთის ფედერაცია ვერ გაბედავს მსგავსი გადაწყვეტილებისათვის თურქეთს რაიმე პრობლემები შეუქმნას. ამის მაგალითად კი ჩიტიძეს რამდენიმე ფაქტორი მოჰყავს:
„არ შეიძლება იყოს რაიმე საუბარი რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართ აგრესიაზე. თურქეთზე თავდასხმა საბჭოთა კავშირმაც ვერ გაბედა, დღესაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია. ასევე, ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 500 ათას სამხედრო მოსამსახურეს აღემატება. თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტი თავდაცვაზე იხარჯება. ამიტომ, თურქეთი სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ს შემდეგ, უძლიერესი ქვეყანაა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის.
სწორედ ამიტომ, რუსეთი ვერანაირად ვერ გაბედავს თურქეთის წინააღმდეგ გაბრძოლებას.
გარკვეულწილად „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობა რუსეთს აწყობს. იმიტომ, რომ ეს არკვევს ვითარებას ერაყში, ერაყი არის ერთერთი მთავარი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, ასეთ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების წარმოება არ უწყობს ხელს იმას, რომ მსოფლიო ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






