რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აფასებს. როგორც ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთი ყოველთვის ეძებს საბაბას, რათა საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინოს:
„რუსეთი ყოველთვის ეძებს საბაბს, რომ მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია. ამ შემთხვევაშიც რუსეთი ცდილობს გაავრცელოს აზრი, რომ თითქოს საქართველო გეგმავს ბაზის მშენებლობას სირიელი მეამბოხეებისთვის. ამას საქართველოს ხელისუფლება უარყოფს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ რუსულ საზოგადოებაში ყველა არ არის ინფორმირებული, რომ საქართველოს ხელისუფლება უარზეა.
ამიტომ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს მტრის ხატის შექმნას სხვადასხვა ქვეყნებისგან, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსგან, რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთისთვის მიუღებელია. ეს განცხადება პირველ რიგში თავად რუსული საზოგადოებისკენ არის მიმართული, რათა გამყარდეს მტრის სახე საქართველოს სახით“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნიკა ჩიტიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში შესაძლოა სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზა განთავსდეს. ლავროვის უწყების განმარტებით, მსგავსი გეგმის განხორციელება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






