ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს უშიშროებისა და იუსტიციის სახელმწიფო მდივანს ფრედ ტეევენს, ომბუდსმენს ფრენკ ვან დოორენს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დაცვის საბჭოს ხელმძღვანელს პიმ მოლენაარს შეხვდა.
ფრედ ტეევენთან შეხვედრაზე, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ჰოლანდიის მთავრობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს და დაწესებულებების მართვის თანამედროვე გამოცდილებასაც გაუზიარებს.
ომბუდსმენთან შეხვედრისას განხილულ იქნა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები და ნიდერლანდების სამეფოში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დაცვის საბჭო ხელმძღვანელმა პიმ მოლენაარმა გიორგი მღებრიშვილს საბჭოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ადგილზე გაეცნო სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულების მუშაობას და პენიტენციური სისტემის მართვის ნიდერლანდურ გამოცდილებას. მინისტრმა მოინახულა ვუხტის მაღალი რისკის დაწესებულება და მისი საამქრო, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ნივთებს და ავეჯს ამზადებენ, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი.
ვიზიტის დასასრულს საქართველომ ნიდერლანდების სამეფოსგან სასჯელაღსრულების სისტემისთვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, პატიმართა მხრიდან აგრესიული ქცევის კონტროლისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ჩხრეკისთვის საჭირო თანამედროვე მოწყობილობები, ასევე ინვენტარი, უნიფორმები და საავადმყოფოსთვის საჭირო დამატებითი აპარატურა მიიღო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდის - “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” ორგანიზებით შედგა.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მადლიერებას გამოთქვამს და განსაკუთრებით აღნიშნავს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეულ სამუშაოს ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მასალის გამოყენების პირობები






