ოჯახური ძალადობა, ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობის სახეებია სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით ხორციელდება. ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. არსებული სტატისტიკა რეალურ ვითარებას ნაკლებად ასახავს, რადგან მსხვერპლი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უკიდურეს შემთხვევაში კი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი რეალური საფრთხე იგულისხმება.
ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით საქართველოში ურთულესი მდგომარეობაა, 2014 წლის განმავლობაში მეუღლის მიერ ყოფილი ცოლის 14 მკვლელობა დაფიქსირდა. ოჯახურ ძალადობაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საზოგადოების ზოგად წარმოდგენას ქალსა და მამაკაცზე. შვილებს ასწავლიან, რომ მამაკაცი ოჯახის უფროსია და ყველაფერი მას უნდა კითხონ, ქალმა კი ბევრი უნდა მოითმინოს, მშობლები ქალ-ვაჟის ყოლის შემთხვევაში, ქალიშვილს ქონებას არ უტოვებენ, რადგან მიიჩნევა , რომ უნდა გათხოვდეს და სახლიდან წავიდეს, ამიტომ ოჯახური ძალადობის მხვერპლ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა არასრულწლოვანთა ქორწინებაც, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა.
კვლევების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, სვანეთსა და ზემო აჭარაშია.
მასალის გამოყენების პირობები






