ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ორწლიანი მმართველობა შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კიდევ უამრავი პრობლემაა, თუმცა ისინი მოგვარებადია.
მისი თქმით, 2012 წელს მოსახლეობამ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვლილიყო.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ორი წელი გავიდა, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით შეგვეცვალა ხელისუფლება. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. ასევე იყო სირთულეებიც. ღმერთმა ნურასდროს, ნურავის დააჭირვოს ექიმი და საავადმყოფო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს მომსახურება მათთვის უფასოა. 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან და გული მწყდებოდა, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონებს ვხვდებოდი თვალცრემლიანს. ამის მიზეზი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ შეასაძლებლობა შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი პატარები, რომლებიც სკოლაში მივიდნენ, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დახვდებათ. ამდენი მიწა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იქნა დამუშავებული, არასდროს საქართველოში არ დამუშავებულა. ამასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრომ წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის "აწარმოე საქართველოში" განხორციელება“, -განაცხადა კალაძემ.
მან ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ელექტროენერგიაზე ტარიფი 21%-ით შემცირდა.
„მოვახერხეთ ის, რომ 5 %-ით შევამცირეთ ფასი ბუნებრივ აირზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენ პენსია 150 ლარამდე გავზარდეთ, დახმარებები ფაქტობრივად გაორმაგდა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან ცოტა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მოგვარდება, მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ჩვენ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს",-განაცხადა კალაძემ
მასალის გამოყენების პირობები






