სტრასბურგში დებატები საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით მიმდინარეობდა. ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული მიმართულებების გამო აკრიტიკებენ. მიუხედავად ამისა, წარმატებულ ცვლილებებსაც არ ივიწყებენ.
დებატების დროს განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე გაკეთდა. საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო დავებს.
„სასამართლო სისტემა სენსიტიურ საკითხად რჩება, მოხსენებაში შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი არსებული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ხშირად გამოიყენება წინასასამართლო დაკავება და მისი ვადა არსებულზე ხანგრძლივად გრძელდება. ჩვენ გულახდილნი უნდა ვიყოთ ქართველი კოლეგების მიმართ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყანა პროგრესს გააგრძელებს, რადგან მას აქვს კარგი პოტენციალი ვალდებულებები შეასრულოს. თუმცა, საერთო ჯამში ოპტიმიზმს ვხედავ და საქართველოს შეუძლია პროგრესს მიაღწიოს, რომელსაც ჩვენ მივესალმებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრძელი გზაა გასავლელი“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
მათივე განცხადებით, ევროპარლამენტის ბოლო მოხსენების შემდეგ საქართველოში უამრავი რამ მოხდა, მიუხედავად ამისა, ნათლად იკვეთებოდა გარკვეული დარღვევები საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას:
„ჩვენი ბოლო მოხსენების შემდეგ, საქართველოში ბევრი რამ მოხდა, ჩატარდა არჩევნები, ვნახეთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. რაც ძალიან კარგია, შემდეგ იყო კოაბიტაციის პერიოდი, დღეს სახეზეა აქტიური ოპოზიცია პარლამენტში, რომელსაც აქვს ბერკეტი, ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე. რაც ნორმალური პროცესია დემოკრატიული პროცესისათვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ პოლარიზაცია სახეზეა და საარჩევნო კამპანიის დროს ვნახეთ, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა შეეცვალათ პარტია ან საკუთარი კანდიდატურა მოეხსნათ. ასევე, უამრავი მაგალითი გვაქვს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ კამპანიის ჩატარებისას“, - აცხადებენ დეპუტატები.
ევროპარლამენტარებმა კომენტარი ბიძინა ივანიშვილზეც გააკეთეს:
„საქართველოში ხელისუფლების გადაბარება ბრწყინვალე მაგალითი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ კოშმარად აქცია. ბიძინა ივანშვილი, რომელიც ცოტახნით იყო ხელისუფლებაში, ახლა იყენებს ძალაუფლებას, როგორც რიგითი მოქალაქე და კონსულტაციებს უტარებს მინისტრებს. ქვეყანა არ არის ბიზნესი ან „გაზპრომი“, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ციხეში აგზავნიან და დევნიან“ - აღნიშნეს მათ.
მათ ასევე მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებაზეც ისაუბრეს:
„შეიძლება არსებობდეს საკითხები, რომელზეც ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მისი და მისი დედის ქონების დაყადაღება სერიოზული ღელვის საგანია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს გამოძიების ჩასატარებლად პოლიტიკური საბაბის გამოყენება“
სიტყვით გამოვიდა უკრაინელი დეპუტატიც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, რომ არ გაიმეოროს ისეთი შეცდომები, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩმა დაუშვა:
„ჩვენ ვხედავთ შერჩევითი სამართლის ნათელ ფაქტებს, როგორც ეს იყო უკრაინაში რევოლუციამდე. ის თუ როგორ განვითარდა მოვლენები უკრაინაში, კარგი მაგალითია საქართველოსთვის. ერთერთი მაგალითია ის, რომ დემოკრატიული უკანსვლა ყოველთვის მომგებიანია რუსეთისთვის. ოპოზიციის შევიწროვების გზა, სწორედ პუტინის გზაა. ნება მომეცით შეგახსენოთ, როგორ დაასრულა იანუკოვიჩმა და რა მოჰყვა ამას. ამ სახით ოპოზიციის შევიწროვება არ უნდა მიიღოს ასამბლეამ“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს ხელისუფლებას „ივანიშვილის მთავრობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატია უკან იხევს:
„ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, ბევრი დაპირების შესახებ განაცხადა, თუმცა, რეალურად მივიღეთ, რომ საქართველოს დემოკრატია ჩვენს თვალწინ უკან იხევს. საქართველოს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც წარმატებულ ქვეყანას. მაგრამ სამწუხარო მაგალითი, რაც ახლა ხდება არის ის, რომ თუ წააგებ მიდიხარ ციხეში. დღეისათვის მთავარი ოპოზიციური პარტიის თითქმის ყველა ლიდერი ან დაპატიმრებულია, ან მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა დებატებში მონაწილეობის მიღებისას.
საკუთარ გამოსვლაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა:
„საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებების დაცვა. სასამართლო სისტემა ახლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან. ახალმა მთავრობამ დაიწყო წამების, არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავაყენოთ ვინმე კანონზე მაღლა, სააკაშვილი ან ახალაია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ახლა საქართველოში არ არის პოლიტიკური დევნა, ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს. ახალმა მთავრობამ გამოაცხადა ამნისტია და გამოუშვა პოლიტიკური პატიმრები. დღეს სასამართლო მოსმენები არის საჯარო და გამჭვირვალე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ოპოზიციის ლიდერის ძმა. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს და ადამიანის უფლებების დაცვას. მე ვთხოვ ასამბლეას არ მიუთითოს კონკრეტული სახელები რეზოლუციაში“, - განაცხადა ბესელიამ.
სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმაც. თედო ჯაფარიძის განმარტებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ უნდა გახდეს ორი პოლიტიკური ძალის კინკლაობის ადგილი.
„არ შეიძლება გვარებით აპელირება და ჟონგლიორობა, იგივე ივანიშვილთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ ეს არასერიოზულია ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც ევროსაბჭოა, ჩვენ ევროსაბჭო გვჭირდება, აუცილებელია მათი დახმარება, მაგრამ ფაქტებიც საჭიროა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით კი „შეუძლებელია დემოკრატიული წესწყობილების ნგრევის დაცვა“:
„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომელბიც აქ არიან წარმოგზავნილი, აქვთ დაყენებული ივანიშვილის რეჟიმის მიერ ამოცანა, რომ დაიცვან ის, რისი დაცვაც შეუძლებელია. შეუძლებელია დემოკრატიული წესწყობილების ნგრევის დაცვა. სწორედ ამ მიზეზის გამო, კენჭისყრის თანაფარდობა მონიტორინგის კომიტეტზე იყო ერთმნიშვნელოვანი და სწორედ ამის გამო არცერთი მათი შესწორება არ გავიდა. რამდენიმე პრინციპული შესწორება ასევე გავიდა ერთხმად, რაც წესების თანახმად ნიშნავს, რომ ისინი პლენარულ სხდომაზე არ შეიცვლება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
დებატები მომხსენებლ სილევიჩის გამოსვლით დასრულდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ვერ გაიზიარებს იმ პოზიციას, რომ თუ ხელისუფლების ან ოპოზიციის წარმომადგენელმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული არ უნდა გასამართლდეს. სილევიჩის განცხადებით, სწორედ ეს იქნება ზეწოლა და ის მომხრე არ არის, რომ კონკრეტულად ასეთი ჩანაწერი რეზოლუციაში მოხვდეს.
საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით კი ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუციის ის ტექსტი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, შეიცვალა. ღარიბაშვილი რეზოლუციაში ამ ტიპის შესწორების შეტანის მცდელობას, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები






