„რჩება შთაბეჭდილება , რომ ხელისუფლება მიხვდა, ერთდროულად საუბარი ქვეყნის დასავლურ კურსზე და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე შეუძლებელია“ - ამის შესახებ განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
„გაეროს ტრიბუნიდან პრემიერის გამოსვლა როცა მოვისმინე, გარკვეულწილად გამიჩნდა განცდა , რომ ხელისუფლება მიხვდა, ერთდროულად საუბარი ნატოზე, ევროკავშირზე, ქვეყნის დასავლურ კურსზე და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე შეუძლებელია,
კარგი იქნება თუ ხელისუფლება გაითავისებს და მიხვდება, რომ პუტინი ომებს იწყებს იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დამოუკიდებლობას და ევროპულ კურს ირჩევენ. ერთის მხრივ, დასავლური კურსის ერთგულება და მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება კარასინ- აბაშიძის მოლაპარაკებებით, არის აბსოლუტური უტოპია და თავის მოტყუება, კარგია თუ ამას ხელისუფლება ბოლომდე ხვდება“- აღნიშნა ქარდავამ.
ქარდავას თქმით, საგარეო ურთიოერთობებში გარკვეული მიღწევები არის, მაგრამ დასავლეთთან დაახლოებისთვის, კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი:
„ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა უთხრას ჩვენს მოსახლეობას , რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მტრულად არის ჩვენს მიმართ განწყობილი, ხოლო დასავლეთი არის, ის საზოგადოება, ის სივრცე, სადაც საქართველოს შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ეს ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვის ლოგიკური და წარმატებული დასასრულია, რომლის ხელმოწერის პატივიც ერგო ახალ ხელისუფლებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი და არ მგონია, რომ ის ძალისხმევა, რომელსაც იჩენს ხელისუფლება საკმარისი იყოს.“- განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






