საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ისინი მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონის კონფერენციაში - „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“. კონფერენციაში მონაწილეობს თბილისის მერი, დავით ნარმანია.
დღეს გამართულ სესიაზე გერმანიასა და ევროპაში ურბანული განვითარების კუთხით არსებული ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ურბანული განვითარების ინტეგრირებულ პერსპექტივებსა და თანამონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომებზე. ასევე, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის განვითარებაში გარდაქმნის პროცესს, რომელიც წყალმომარაგების სექტორში ესტონეთის გამოცდილებას ეფუძნებოდა.
დღესვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ურბანული განვითარების კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






