საქართველო-თურქეთის ურთიერთობასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი, ეკონომიკურ საკითხებზე გააკეთა. მან ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვასაც გაუსვა ხაზი:
„რამდენიმე თვის წინ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ეს კი დიდ პოტენციალს ქმნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ამისთვის საჭიროა მშვიდობა რეგიონში. მიუხედავად წარმატებებისა, ასევე გვიხდება ბევრ პრობლემასთან გამკლავება. საქართველოში არც ისე მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლი. თუმცა, ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ. ერთერთი მთავარი პრობლემა შრომითი ბაზარიც არის. მთავრობა ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრს აკეთებს. სერიოზულ პრობლემად რჩება ლტოლვილების საკითხიც.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკურად რთული, თუმცა სწორი პოზიცია. არსებობს საკითხები, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით. მაგალითად აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია. თუმცა არის მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა შეგვიძლია, მაგალითად ვაჭრობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






