თემა უკვე გახდა განსჯის საგანი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრია და ფორუმზე, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი განსჯის საგანი არც უნდა გახდეს, რადგან ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ პრეზიდენტი უკვე მიიწვია.
„საერთოდ ეკონომიკური პროფილის მოღვაწეები იყრიან თავს აღნიშნულ ფორუმზე. ამ შემთხვევაში მიმწვევის გადასაწყვეტია ვინ უნდა წავიდეს. მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ ეკნომიკური ფორუმის თავმჯდომარემ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი და ეს არ იყო ზოგადი მიწვევა. მსჯელობა, რაც აღნიშნულ საკითხს მოჰყვა, ჩემი აზრით გაუგებრობასთან არის დაკავშირებული. ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ იცის, რომ ეკონომიკური საკითხები პრემიერის პრეროგატივაა. სწორედ, ამ თავმჯდომარემ მიიწვია პრეზიდენტი მარგველაშვილი. დამპატიჟებელმა მხარემ პირადად მიიწვია მარგველაშვილი და მემგონი ახალ სკანდალში ჩაბმას სჯობია, რომ პრეზიდენტს დაეხმაროს აღმასრულებელი ხელისუფლება, რათა ნორმალურად წარმოაჩინოს საქართველო“, - აცხადებს საყვარელიძე.
საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ დავოსში გამგზავრების თემა კვლავ დაპირისპირების საგანი გახდება. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც დათმობს და ფორუმზე არ გაემგზავრება, ის როგორც პრეზიდენტი მკვეთრ დარტყმას მიიღებს.
„აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ დავოსის ეკნომიკურ ფორუმზე გამგზავრების საკითხი იქნება დაპირისპირების თემა. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან წინა შემთხვევა იყო ნამდვილი დემონსტრაცია თუ რამდენად პრიმიტიულ და ბანალურ ურთიერთობებზეა აგებული ხელისუფლების შიგნით დღევანდელი ქართული პოლიტიკა. ყველაფერი ნათელია. ამა თუ იმ ფორუმზე უნდა გაემგზავროს ის ადამიანი, ვისაც იწვევენ. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ მიიწვია გიორგი მარგველაშვილი. იმ შემთხვევაში თუ ისევ გაიხსნება პრიმიტიული დისკუსია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოტანილი ვერდიქტი მარგველაშვილის მიმართ ძალაშია და მისი წარმომადგენლები ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას... ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მარგველაშვილი მეტ ნაბიჯს გადადგამს, რომ გაემგზავროს აღნიშნულ ფორუმზე. თუ ეს არ მოხდა, მისი რეიტინგი და მისი როგორც პრეზიდენტის გავლენა გამოუსწორებელ დარტყმას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის პრეზიდენტი და სხვა ადამიანების მანიპულაციის ქვეშ არის მოქცეული. საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, რომ რეალურად ის არანაირ ძალაუფლებას არ ფლობს და არ წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებს, ვინც ის აირჩია“, - აცხადებს წიკლაური.
საპრალამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ეკონომიკური საკითხები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს.
„ეკონომიკურ საკითხებში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ჩემი მოსაზრებით, ასეთი ტიპის ფორუმზე, უმჯობესია, პრემიერი იყოს წარმოდგენილი, თუმცა არ ვიცი ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პრემიერი ან პრეზიდენტი. მთავარია, რომ ქვეყანა ამ ფორუმზე სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს.
მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ პირადად მიიწვია.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი ყოველი წლის დასაწყისში იმართება. წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






