„ბერლინის მერთან საუბარი თბილისსა და ბერლინს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე გვექნება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ევროპული სტანდარტების ჰარმონიზაციისა და სხვა ცალკეულ პროექტებში მხარდაჭერის საკითხებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა გერმანიაში გამგზავრების წინ დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილსიის ხელისუფლებამ დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.„გენგეგმის შედგენისას გერმანული მხარე მხარდაჭერას გაგვიწევს და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარება. გერმანელი ექსპერტები უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პორცესში და გაგვიწევენ ყველა საჭირო კონსულტაციას იმისათვის, რომ შედგეს ძალიან ღირებული და განვითარებაზე ორიენტირებული დედაქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, განსაკუთრებით აქტუალურია არსებული წესებისა და პროცედურების ევროპული გამოცდილებასთან ჰარმონიზაცია. ამიტომაც მუნიციპალური საკითხების გადაწყვეტისას თბილისის მთავრობა გერმანულ გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებს.
ბერლინის მერთან თბილისის მერის შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






