საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და ხელისუფლების მიერ ამ განხრით დასახულ მიზნებზე ისაუბრა:
„საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დასაკავშირებლად. ასევე, ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, საკომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად.
აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ. აბრეშუმის გზა ფარავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობა შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს და რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგენს. სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში, აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.
ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები. სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან.
ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს.
შარშან შაჰ-დენისის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებითად უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოში. რამდენიმე დღის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ცამეყარა ამ ახალი მილსადენის პირველის ეგმენტისთვის. ამ ექსპანსიის შედეგად კონსორციუმი განახორციელებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას საქართველოში.
ამის შემდეგ საქართველო მიირებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რაც მოხმარდება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. სუფთა, განახლებადი ენერგია შეიძლება იქცეს ენერგეტიკის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალად.
საქართველოში ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მძლავრ ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნახშირბადის ემისია ჩვენს ქვეყანაში და განვახორციელოთ განახლებადი ებერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისათვის, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის, სტრატეგიული მდებარეობა და თავისი წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში. ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას. ჩვენი ხედვით ეს იქნება ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება, აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიის საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






