საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს გენერალური ასამბელის 69-ე სესიაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისაკენ მიმავალ გზას:
„ჩვენ ასევე ვიყენებთ რაციონალურ მიდგომას რეგიონში დაძაბულობის შესუსტებისა და კონფლიქტების პრევენციისათვის. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები.
ჩვენ, ქართველებს, გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ. ამ მიზნით, ჩვენ ვიყენებთ, ჩვენი წინამორბედებისაგან განსხვავებით, ახლებურ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში.
ჩვენს, როგორც პასუხისმგებელი, პრაგმატული და კონსტრუქციული მეზობლის, სტრატეგიას ორი მიმართულება აქვს. ერთი მხრივ ჩვენ წამოვიწყეთ უპირობო დიალოგი რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განახლების მიმართულებით, მეორე მხრივ, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასახული მიზნად 2008 წლის აგვისტოს ომის მშვიდობიანი მოგვარება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.
ამ სტრატეგიის პირველმა მიმართულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა და დაგვეხმარა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში. ვაჭრობა განახლდა და რუსეთში საქართველოს ექსპორტი 300 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ადამიანებს შორის ურთიერთობებიც მკვეთრად გააქტიურდა.
ჩვენ, როგორც მეზობლები, უფრო მშვიდ გარემოში თანავარსებობთ. ამ მიდგომამ ასევე განამტკიცა სტაბილურობა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის ამავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისაკენ მიმავალ გზას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






