ერთ საათზე მეტია მერიაში დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს უსმენენ.
საუბარი ამ სფეროს რეფორმას შეეხება, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. თბილისის მერსა და ქალაქის მთავრობის წევრების კითხვებს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელიც პასუხობენ.
პირველი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ეს იყო პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, იმის მიუხედავად პოლიტიკური ოპონენტები გაიზიარებენ თუ არა ამ მოსაზრებებს.
დავით ნარმანია ესტაკადის პროექტთან დაკავშირებით სპეციალური ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. მერი აცხადებს, რომ ესტაკადის მშენებლობის დროს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ის, რომ არ დაზიანდეს პროექტის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის პროცესი.
ასევე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ აღნიშნული ესტაკადა გამოსაწორებს და განმუხტავს პუშკინის სკვერზე მოძრაობას.
„აუცილებლად გაკეთდება იქ ესტაკადა, რაოდენ წინააღმდეგებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. გაკეთდება, იმიტომ რომ ეს სჭირდება ქალაქს. ის შემხებლობაში არ იქნება იმ გათხრის შედეგად აღმოჩენილ მემკვიდრეობასთან, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ მას მემკვიდრეობის სტატუსი დაკარგული აქვს, იმიტომ რომ ჩვენმა წინამორბედებმა მას ბეტონი დაასხეს. აუცილებლად გამოცხადდება არქიტექტურული კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე შეირჩევა პროექტი, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილთან იქნება შესაბამისობაში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






