ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. სოხუმში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიას დელეგაციები რუსეთიდან, დნესტრისპირეთიდან, ნიკარაგუადან და სამხრეთ ოსეთიდან ეწვივნენ.
ინაუგურაციის შემდგომ სიტყვით გამოსვლისას, ხაჯიმბამ ძირითადად რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა:
„ ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალი წლის განმავლობაში დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩვენ ვცხოვრობთ და ვვითარდებით საერთო ცივილიზაციის სივრცეში.
სწორედ რუსეთი წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტიას. ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს წლის ბოლომდე ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც მიმართული იქნება ინტეგრაციის გაღრმავებისკენ, თავდაცვის,საზღვრის დაცვის და ეკონომიკის განვითარების სფეროში.“- განაცხადა ხაჯიმბამ.
საქართველოსთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს არ უსაუბრია.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობაზე რუსმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა შეიცვლება შესაძლოა პოლიტიკური შესაძლებლობა შეიცვალოს.
„მთავარია აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დარწმუნება იმაში, რომ მათთვის ერთ კონფედერაციაში ან ფედერციაში ცხოვრება საქართველოსთან უკეთესია, ვიდრე დამოუკიდებლად. თუ ეს იქნება მიღწეული ეს იქნება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სიტუაცია“,- განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის აზრით კი, თბილისმა სოხუმთან ეკონომიკური კავშირები უნდა დაამყაროს: „თუ საქართველოს და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გავნითარდა მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია შერბილდება და დაიწყება ურთიერთობის რაღაც ფორმების ძიება“,- აღნიშნა პრიმაკოვმა.
.
მასალის გამოყენების პირობები






