მინისტრებისა და მათი კრედიტების შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობის“ განცხადებას კანონმდებლები ეხმაურებიან.
უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე კორუფციის საფრთხე ვერ ხედავენ. მათი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ყველა შესაბამისად დაისჯება.
„მინისტრის მოადგილე ხარ, მინისტრი ხარ თუ უბრალო მოქალაქე ხარ და აიღებ ვალს, არც ერთი ბანკი ამ ვალის დაუბრუნებლობას არ გაპატიებს. თუ გარანტირებული არ ხარ, რომ რაღაც პერიოდი ხელფასი გაქვს, ბანკი რისკზე არასდროს არ წავა, თუნდაც მათი თანამდებობიდან გამომდინარე. კორუფციული სისტემა და ქრთამი საკმაოდ სერიოზულად ისჯება. ასე, რომ არც მოწოდებულია და არც ორიენტირებულია ამაზე არავინ“, - აცხადებს გია ვოლსკი.
უმცირესობაში კი ამბობენ, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობებს თავის სასიკეთოდ იყენებენ.
„ამ თემაზე ჩვენ 2012 წლის ნოემბრიდან ვსაუბრობდით. პირველი სესხების შესახებ ინფორმაცია, სწორედ მაშინ გახდა ცნობილი. იგივე, მინისტრ კვირიკაშვილს უკავშირდება ეს საკითხი, რომელსაც „ქართუ ბანკიდან“ აქვს ძალიან დიდი სესხი გამოტანილი. იგივე თემა ეხებოდა ბატონ ფარცხალაძეს. რას ნიშნავს ეს? კონკრეტული პირების ლოიალობას“, - აცხადებს უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი.
მინისტრებისა და მათი მოადგილეების სესხების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნდა. კრედიტების უმეტესობა ბოლო ორი წლის განმავლობაშია აღებული.
მასალის გამოყენების პირობები






