ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კანადელ კოლეგას, სტეფან ჰარპერსაც ესაუბრა და მათ ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევები განიხილეს.
პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა ამერიკული კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებთანაც.
ამერიკული კომპანია AECOM-ი ანაკლიის პორტის პროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილს, კომპანიის პირველმა პირებმა, წარუდგინეს პრეზენტაცია იმ კონსორციუმის შესახებ, რომელიც სპეციალურად, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იზრდება.
AECOM-ი პროექტზე ინტერესს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოხატავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა:
„ეს კომპანია, დაინტერესებულია ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობის მიღებით. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი პრეზენტაცია, რომელიც შეკრეს სპეციალურად იმისთვის, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა და ასევე ჰქონდათ შეკითხვები, რომელზეც ჩვენ გავეცით პასუხები. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ პროექტს, ამ თემაზე იყო საუბარი და ისინი აუცილებლად ოფიციალურად გამოხატავენ ინტერესს, იმ პროცესში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






